თამარ მაჭარაშვილის სიტყვებით: “შშმ ქალების უფლებების დაცვა ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს”

თარიღი:

თამარ მაჭარაშვილი. ფოტო: ქალთა ფონდი საქართველოში
ორგანიზაცია "ქალი და რეალობის" ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი. ფოტო: ქალთა ფონდი საქართველოში

ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელი თამარ მაჭარაშვილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგოების (შემდგომში შშმ ქალები და გოგოები) უფლებებს იცავს და 20 წელზე მეტია, ცდილობს, მათი ხმა კიდევ უფრო მკაფიოდ ისმოდეს. თამარი ქალთა საკითხებსა და შშმ ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმის ერთ-ერთი ინიციატორია. პლატფორმა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით, გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. იგი 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად შშმ ქალთა უფლებების რეალიზების მხარდაჭერას, იმ ბარიერებისა და გამოწვევების შემცირებას ისახავს, რომლებიც მათ წინაშე არსებობს. პლატფორმის შექმნის ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაცისთან "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ერთად, "ქალი და რეალობაც" ახორციელებს.

Quote

თავად ვარ შეზღუდული შესაძლებლობის თემის წარმომადგენელი და ვფიქრობ, არც მაქვს უფლება, განზე ვიდგე შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვისგან. ამ თემით ჯერ კიდევ 1999 წელს დავინტერესდი, როდესაც საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაციაში მოვხვდი. საბოლოოდ, უფლებადაცვით საქმიანობაში ჩემი ადგილი 2008 წლის აგვისტოს ომმა განსაზღვრა. სამმა მეგობარმა ფორსმაჟორულ სიტუაციაში საინიციატივო ჯგუფი შევქმენით და კონფლიქტის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას, განსაკუთრებით შშმ ქალებსა და გოგოებს ვეხმარებოდით. 2012 წელს კი უკვე „ქალი და რეალობა“ დავაფუძნე, რათა საქართველოში შშმ ქალებისა და გოგოების უფლებების დაცვაში კიდევ უფრო დიდი წვლილი შემეტანა.

საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო პოლიტიკის დოკუმენტები, შშმ ქალთა ჭრილში, ჯერ კიდევ არ არის ჰარმონიზებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციასთან, რომელიც 2014 წლიდან ძალაშია. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა თუ ბიუჯეტის დაგეგმვაში შშმ ქალებისა და გოგოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გათვალისწინებული არ არის. მაგალითად, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება, რაც მათ წინაშე განსაკუთრებით მწვავედ დგას.

ის გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს, ქალებს ხომ აზიანებს, მაგრამ უფრო თვალშისაცემი ხდება, როდესაც საქმე შშმ ქალებსა და გოგოებს ეხება. სამწუხაროდ, უფლებების დაცვისთვის შშმ ქალებს მეტი ძალისხმევა გვჭირდება. იგივე შეიძლება ითქვას თანასწორობასა და თვითდამკვიდრებაზე.

ჩვენ ჯერ ქალები ვართ და შემდეგ შშმ პირები, ამიტომ ვფიქრობ, შშმ ქალების უფლებების დაცვაც ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს. ერთმანეთი უნდა გავაძლიეროთ და მგონია, რომ პლატფორმა, რომელიც ქალთა საკითხებსა და შშმ ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისგან ჩამოყალიბდა, ამ მიმართულებით მნიშვნელოვან როლს შესრულებს. როცა პლატფორმის პირველ შეხვედრაზე მონაწილე ქალები ერთად შევიკრიბეთ, როცა ვნახე, რომ ქალები, მათ შორის შშმ ქალები, ერთად ვსაუბრობდით ჩვენს უფლებებზე, მივხვდი: ასეთი ერთიანობა შშმ ქალებს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ხმა უფრო აქტიურად გაისმას, ჩვენი უფლებები კი ქალთა უფლებების მიღმა არ დარჩეს“.