ზოია კურტანიძის სიტყვებით: „ქვეყნის სამსახურში ყოფნა მეამაყება და მინდა, გენდერული თანასწორობის სადარაჯოზე დგომითაც ვიამაყო“

თარიღი:

ზოია კურტანიძე. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ზოია კურტანიძე. ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

34 წლის მაიორი ზოია კურტანიძე 2007 წლიდან თავდაცვის ძალებში მსახურობს. ამჟამად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში კარიერის მენეჯერი და გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის გენდერის მრჩეველია. პარალელურად, ზოია მინისტრის სტიპენდიანტია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტში გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს და სამინისტროში გენდერული თანასწორობის პრინციპების დანერგვაში აქტიურად მონაწილეობს. გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროცესში გენდერი მეინსტრიმინგის საკითხებზე თანამშრომლობს. იგი ასევე, მხარს უჭერს სამინისტროს ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაცია დიდი ბრიტანეთის მთავრობის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ეფექტიანი განხორციელებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მუშაობს.

Quote

19 ნოემბერს 13 წელი შესრულდა, რაც მხრით საქართველოს დროშას, გულითა და გონებით კი ჩემი ქვეყნისა და საქმის წინაშე უზარმაზარ პასუხისმგებლობას ვატარებ. ჯარში წასვლა სატელევიზიო რეალურ შოუში მონაწილეობის შემდეგ გადავწყვიტე. ტელე-პროექტი „ყაზარმა“ სამხედრო ცხოვრების შესახებ იყო და სწორედ იქ მივხვდი, რომ ეს სფერო ძალიან მომწონდა. გოგო მონაწილეებს შორის შოუ ყველაზე ბოლომ დავტოვე და მაშინვე სამხედრო აკადემიაში ჩავაბარე.

ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება 2008 წლის ივნისში მომენიჭა, ჩემი კარიერა კი საჰაერო თავდაცვაში დაიწყო. საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფში ინჟინერ-ოპერატორი ვიყავი, როცა აგვისტოს ომი დაიწყო. ახალბედა ლეიტენანტი, როგორც საბრძოლო ოფიცერი, ომში წავედი და უკან დიდი გამოცდილებით დავბრუნდი. 3 წლის შემდეგ საშტაბო საქმიანობით დავინტერესდი. მსურდა, უფრო მეტი მესწავლა, განათლება სხვა მიმართულებითაც მიმეღო და საბრძოლო გამოცდილება სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში გამომეყენებინა.

საზოგადოების განწყობა ჩემი, როგორც სამხედრო ქალის მიმართ ყოველთვის დადებითი იყო. ნაცნობები თუ უცნობები ძალიან დიდ ძალასა და მოტივაციას მაძლევდნენ. მოგეხსენებათ, სამხედრო საქმე კაცებით დომინირებული სფეროა, ამიტომ ჩემნაირი ქალების გამოცდილება და განვლილი გზა, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია სხვა გოგოებისა და ქალებისთვის. მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრების წესით ვცდილობ გარკვეული დრომოჭმული სტერეოტიპების დამსხვრევას, რომლებიც ქალებს სამხედრო კარიერის არჩევასა და ამ საქმეში წარმატების მიღწევაში უშლის ხელს.

სამაგალითოა დღეს თავდაცვის სამინისტროც, რომელიც დიდ ყურადღებას უთმობს გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებისთვის პროექტებს წარმატებით ახორციელებს. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც მთავრობის დადგენილებით, 2011 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და ახლა ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მუდმივად მუშაობს. წინ კიდევ დიდი გზაა, თუმცა სამინისტროს გრძელვადიან გეგმებში გენდერული თანასწორობის მიღწევა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, რაც ჩემთვის იმედის მომცემია.

ამჟამად სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრში ვმსახურობ. კარიერის მენეჯერი ვარ, რაც სამხედრო პირთა კარიერული და პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმარებასა და აღსრულების პროცესში კვალიფიციური რჩევებით დახმარებას გულისხმობს. პარალელურად, როგორც გენდერის მრჩეველისთვის, ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის მიღწევაა. ქვეყნის სამსახურში ყოფნა მეამაყება და მინდა, გენდერული თანასწორობის სადარაჯოზე დგომითაც ვიამაყო - იმ კონტრიბუციით, რომელიც ჩემს თანამედროვე თუ მომავალ სამხედრო ქალებს ქართულ ჯარში გენდერული შეზღუდვების გარეშე სამსახურში დაეხმარება“.