პარტნიორების შესაძლებლობების განვითარება საარსებო წყაროების შექმნაში იძულებით გადაადგილებულ ქალთა ჩართულობის გასაძლიერებლად

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, პარტნიორების ცოდნის ამაღლების მიზნით, გენდერულად მგრძნობიარე საარსებო წყაროების შექმნისა და მონიტორინგის პროგრამების შესახებ სამდღიანი ტრენინგი „იძულებით გადაადგილებული ქალების მდგრადი საარსებო წყაროები - მიდგომები, ინსტრუმენტები და ინტერვენციები“ გამართა.

ტრენინგი იძულებით გადაადგილებული ქალების მდგრადი საარსებო წყაროების, მიდგომების, ინსტრუმენტებისა და ინტერვენციების შესახებ; ფოტო: UN Women
ტრენინგში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, მისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს, სოფლის მეურნეობის კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ტრენინგი ორგანიზებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოწყვლად იძულებით გადაადგილებულ პირთა გენდერულად სენსიტიური სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მიერ ხორციელდება. პროექტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს იძულებით გადაადგილებულ პირთა პროგრამის IV მიზნის მიღწევაში - სოციალურ–ეკონომიკური ინტეგრაციის, კონკრეტულად კი განსაკუთრებით გაჭირვებული იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მიერ საარსებო წყაროების შექმნა–გაძლიერებაში.

„ტრენინგი, განსაკუთრებით კი თეორიული და კონცეპტუალური განმარტებები მდგრადი საარსებო წყაროების თაობაზე ძალიან საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა“, - აღნიშნა დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ირაკლი უჯმაჯურიძემ. „პრაქტიკული სავარჯიშოები ისე იყო გაწერილი, რომ სამუშაო ჯგუფებში შემუშავებული რეკომენდაციების გამოყენება ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში გამოგვადგება“,- დასძინა მან.

სამდღიანი ინტენსიური ტრენინგის დახმარებით, პარტნიორებმა ნათლად გაიაზრეს, თუ რას წარმოადგენს და როგორ მიიღწევა საარსებო წყაროების მდგრადობა, რამდენად მნიშვნელოვანია გენდერულად მგრძნობიარე საარსებო წყაროების შექმნა, როგორ უნდა გაუმჯობესდეს საარსებო წყაროების გენდერულ ჭრილში შეფასების პრაქტიკა და საარსებო წყაროების გაძლიერების ინოვაციური გზები. ამ ცოდნის მიღების შედეგად, პარტნიორებს საშუალება მიეცათ, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ უკიდურესად მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული ქალებისა და გოგოების ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში.