იძულებით გადაადგილებულმა ქალებმა სამეწარმეო უნარების განვითარებაში ტრენინგი გაიარეს

თარიღი:

შიდა ქართლიდან, ქვემო ქართლიდან და სამეგრელოდან დევნილმა 25 ქალმა სამდღიანი ინტენსიური ტრენინგი გაიარა. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებმა სხვადასხვა თემა, მათ შორის ქალთა ეკონომიკური უფლებები, ბიზნესის დაგეგმვა, მეწარმეობა, ლიდერობა, თანამშრომლობა და ძირითადი საგადასახადო მოთხოვნები, განიხილეს.

ტრენინგის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ტრენინგის ყველა ბენეფიციარს საარსებო წყაროებთან დაკავშირებულ მცირე გრანტებზე აქვს განაცხადი შეტანილი. აღნიშნული გრანტების გაცემა კი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მოხდება, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ახორციელებენ. ქალების ამოცანა საკუთარი აქტივების მდგრად ბიზნესად ქცევაა.

ტრენინგი „იძულებით გადაადგილებულ ქალებს შორის მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა“ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ტასოს“ მიერ, ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი დაფინანსებით იყო ორგანიზებული. ტრენინგი ინტერაქტიული მეთოდებით მიმდინარეობდა, ამიტომ ქალები, რომლებსაც მეწარმეობის კუთხით მცირე გამოცდილება ჰქონდათ ან საერთოდ არ იყვნენ საკითხში გაცნობიერებულნი, სწავლებაში აქტიურად ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ ეს ქალები სოციალური მობილიზაციის პროცესშიც მონაწილეობდნენ,
რომელსაც ფონდი „ტასო“ ხელმძღვანელობდა. ტრენინგის თემები სწორედ იმ საჭიროებების მიხედვით ჩამოყალიბდა, რომელთა შეფასებაც სოციალური მობილიზაციის ფარგლებში ჩატარდა.

„როდესაც ქალთა დასაქმებასთან დაკავშირებულ სტატისტიკურ მონაცემებსა და მათი ეკონომიკური აქტიურობის დაბალ მაჩვენებელს გავეცანი, მივხვდი, რომ ჩვენი იდეის განხორციელებაში რაც შეიძლება მეტი ქალის ჩართვაა საჭირო. ძალიან კარგია, რომ პროექტი სოციალური გრანტებისთვის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. ვგეგმავთ, განაცხადი ჩვენს დასახლებაში არსებული საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის გრანტზე შევიტანოთ. ეს პროექტი მთელ თემს მოუტანს სარგებელს, ქალებს კი მეტი დრო ექნებათ და შეეძლებათ ის სოციალური და ეკონომიკური ინიციატივების განხორციელებისთვის გამოიყენონ“, - აღნიშნა გვანცა კიკალეიშვილმა, რომელიც ხობის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს.

ტრენინგის დახმარებით დევნილმა ქალებმა გენდერული თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების საკითხებში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს, მიიღეს ინფორმაცია მცირე ბიზნესის განვითარების შესახებ და ესტუმრნენ ტექნოპარკს, სადაც ინოვაციურ ბიზნესმოდელებსა თუ იდეებს გაეცნენ. ამას გარდა, ტრენინგის მონაწილეებმა სხვადასხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო პროგრამების შესახებაც შეიტყვეს, რაც მათ მომავალში განაცხადის დამატებით დაფინანსებაზე შეტანის საშუალებასაც მისცემს.

ტრენინგი სრულად შეესაბამება გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებელ 2016-2017 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“, რომელშიც იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის ტრენინგების ჩატარებაა გათვალისწინებული. აღნიშნული ტრენინგები მცირე ბიზნესის წამოწყებაში დახმარებას და ამ მიზნით სამეწარმეო, ბიზნესის და სხვა უნარების გაზიარებას ემსახურება.