საქართველოში ქალთა საკითხებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმა შეიქმნა

თარიღი:

შეხვედრის მონაწილეები ჯგუფებში მუშაობენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
შეხვედრის მონაწილეები ჯგუფურ სავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებები ზოგადად ქალთა უფლებების განუყოფელი ნაწილია და მათი დაცვა ქალების თანადგომის გარეშე შეუძლებელია. შესაბამისად, ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციების თანამშრომლობასა და ურთიერთმხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ამ მნიშვნელობის გათვალისწინებით, საქართველოში ქალთა საკითხებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა თემებზე მომუშავე ორგანიზაციების პლატფორმა შეიქმნა. იგი ქვეყნის მასშტაბით 30-მდე ორგანიზაციას აერთიანებს და მიზნად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა უფლებების რეალიზების მხარდაჭერას, იმ ბარიერებისა და გამოწვევების შემცირებას ისახავს, რომლებიც მათ წინაშე არსებობს. ინიციატივას არასამთავრობო ორგანიზაციები - "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" და "ქალი და რეალობა" გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და გაეროს მოსახლეობის ფონდთან პარტნიორობით ახორციელებენ,

პლატფორმის წარმომადგენლების პირველი სამუშაო შეხვედრა 8-11 სექტემბერს შედგა. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და კოალიციურ მუშაობას საფუძველი ჩაუყარეს.

„დღეს ყველა ერთად ვართ და ეს ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია. ამ პლატფორმის შექმნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს შესაძლებლობას მოგვცემს, ჩვენი ხმა უფრო აქტიურად გაისმას, ჩვენი უფლებები კი ქალთა უფლებების მიღმა არ დარჩეს. იმედი მაქვს, ინიციატივის შედეგად, ჩამოყალიბდება ძლიერი გუნდი, რომელიც ერთად იმუშავებს ცვლილებებისთვის და მნიშვნელოვან შედეგებსაც მიაღწევს“, - განაცხადა ორგანიზაცია „ქალი და რეალობის“ ხელმძღვანელმა და პროექტის პარტნიორმა თამარ მაჭარაშვილმა.

შეხვედრის მონაწილეებმა პლატფორმის საჭიროებები შეაფასეს, გაეცნენ ჯვარედინი დისკრიმინაციის თეორიას, ფორმებსა და შეფასების ტექნიკებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის საკითხებს, არსებულ სერვისებსა და ა.შ.

„პლატფორმის ინკლუზიურობა მის მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის. შეხვედრის მიმდინარეობისას უკვე გამოიკვეთა საინტერესო საკითხები, რომლებზეც მუშაობის დაწყებას ვაპირებ“, - აღნიშნა არასამთავრობო ორგანიზაცია „თანადგომის“ სექსუალური განათლების კომპონენტის მენეჯერმა ხათუნა ხაჟომიამ. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლია ტაბატაძემ კი დასძინა, რომ ეს უნდა იყოს სივრცე, სადაც ნებისმიერი ქალი მხარდაჭერილი, დაცული და აღიარებული იქნება. „ვფიქრობ, პლატფორმის დახმარებით გამოჩნდებიან ახალი ლიდერი ქალები, რომლებიც ამ მოძრაობას წარმატებით გაუძღვებიან“, - განაცხადა მან.

პლატფორმა ღიაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ყველა მხარდამჭერისთვის. ინიციატივა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“ ფარგლებში, მდგრადი განვითარების მიზნების ერთობლივი ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.