ქეთი წილოსანის სიტყვებით: „ურთიერთთანამშრომლობით ქალები ერთმანეთს ვაძლიერებთ“

თარიღი:

ქეთი წილოსანი. ფოტო: სალომე ჩხაიძე
ქეთი წილოსანი. ფოტო: სალომე ჩხაიძე

ქეთი წილოსანი გურიაში, ქალაქ ლანჩხუთში ცხოვრობს. იგი ქალთა ფონდ „ტასოს“ სათემო მუშაკია და გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ სოციალური მობილიზაციის კომპონენტში აქტიურად მონაწილეობს. ამავე პროექტის დახმარებით, მან სოციალური მედია მარკეტინგისა და ვებპროგრამირების კურსი გაიარა და ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერ კომპანია „ლინგვინგში“ დასაქმდა. 30 წლის ქეთი თვითდახმარების 3 ჯგუფს ხელმძღვანელობს, ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული საბჭოს წევრია და თავისი ენთუზიაზმით სამაგალითოა ლანჩხუთელი ქალებისთვის. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ფონდ „ტასოს“ გრანტის დახმარებით, რამდენიმე კვირის წინ ქეთიმ საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო, ლანჩხუთში პირველი კაფე „ქეთოსთან“ გახსნა, ქალაქს კიდევ ერთი საინტერესო სიახლე შემატა და 5 ადგილობრივი ქალიც დაასაქმა.

Quote

ყოველთვის მეუბნებოდნენ, დიპლომი თუ არ გექნება, ვერაფერს მიაღწევო. ეს აზრი ჩემი ოჯახის წევრებსა თუ ირგვლივ მყოფ სხვა ადამიანებში იმდენად იყო გამჯდარი, რომ 2 წლის წინ „ტასოსთან“ შეხვედრაზე ზუსტად ამ მიზნით წავედი. მითხრეს, ფონდი ქალებს ეხმარება და იქნებ სწავლა დაგიფინანსონო. მალე სათემო მუშაკი გავხდი და აღმოვაჩინე, რომ დიპლომის გარეშეც უამრავი შესაძლებლობა არსებობს.

გურიის სოფლებში უმაღლესი განათლება ჩემსავით ბევრ ქალს არ აქვს. მათი დიდი ნაწილი მხოლოდ საოჯახო საქმეებითაა დაკავებული და ჰგონია, რომ მის ცხოვრებაში აღარაფერი შეიცვლება. როცა ამ ქალებს ვხვდები, უპირველესად საკუთარ ისტორიას ვუყვები. ვუამბობ იმ ცივ და ზოგჯერ დაუნდობელ გარემოზე, რომლის ატანაც რეგიონიდან დედაქალაქის სკოლაში გადასულ პატარა გოგოს მიწევდა, 15 წლის ასაკში შექმნილ ოჯახსა და ჩემი ცხოვრების 8-წლიან პაუზაზე, როცა მხოლოდ სახლში ვიჯექი და საკუთარი თავის რეალიზებაზე ვოცნებობდი, სირთულეებზე, რომლებიც განქორწინებასა და გურიაში დაბრუნებას ახლდა. ვცდილობ, დავარწმუნო, რომ მას შემდეგ, რაც ჩემი ცხოვრება აქტიური გახდა, კიდევ უფრო მწყდება გული პერიოდზე, რომელიც პასიურად გავატარე. თუმცა, მახარებს ის ფაქტი, რომ ჩემს შვილებს უკვე რეალიზებული დედა ჰყავთ. ისინი რომ წარმატებულს მხედავენ, ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია.

ეს გამოცდილება მეხმარება, ადგილობრივ ქალებს რეალური მაგალითი მივცე, ვაჩვენო, რომ მეც მათნაირი წარსული მაქვს, მაგრამ ახლა დამფრთხალი, რწმენადაკარგული გოგოსგან თავდაჯერებულ ადამიანად ვიქეცი და ჩემს თავს ისეთი ამბები ტრიალებს, რომლებსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. მართლაც, შეხვედრის მონაწილეებს ხშირად უთქვამთ, პირველად რომ მოხვედი და შენი ამბავი მოგვიყევი, სოციალურ მობილიზაციაში ჩართვის სტიმული მოგვეცაო. დღეს ისინი უკვე პროექტებს იგებენ, გვერდით მიდგანან და თავადვე ხედავენ, რომ თუ არ იაქტიურე, არაფერი გამოდის.

ქობულეთის პროფესიულ სასწავლებელში საფინანსო სერვისები დავამთავრე, ახლა ვებდეველოპმენტს ვსწავლობ, ცოტა ხნის წინ კი ლანჩხუთში პირველი კაფე გავხსენი. მცირედით დავიწყე, მაგრამ მთავარი დასაწყისია, მერე უფრო გავფართოვდები. უკვე იმდენი სტუმარი მყავს, ხშირად ადგილები არ მყოფნის. ახლა მინდა, ამ საქმიანობით პროექტის სხვა მონაწილეებსაც დავეხმარო და საჭირო პროდუქტები მათგან შევიძინო. ერთ-ერთისგან ჟოლოს უკვე ვყიდულობ, თუმცა ვაპირებ, ღვინო, ჩირი, ჩაი და ა.შ. ქალების წარმოებული მქონდეს. ასეთი ურთიერთთანამშრომლობით ქალები ერთმანეთს აუცილებლად გავაძლიერებთ“.