ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების გათვალისწინებით საქართველოში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ მუდმივი დისკუსიები გრძელდება

თარიღი:

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2010 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის ნაწილია. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან პარტნიორობით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მათ შორის, ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან, თემაზე „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ ონლაინშეხვედრა ჩაატარა.

შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგზე, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობასა და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებსა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმების ფარგლებში. ელჩმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში მარეკ შჩიგელმა ხაზი გაუსვა ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სრულყოფილად შესრულების აუცილებლობას და ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო და უსაფრთხოების პროცესებში ქალების ეფექტიანი მონაწილეობის გაზრდაზე.

დისკუსია შეეხო COVID-19-სა და მის შედეგად გამოწვეულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს: კონკრეტულ გამოწვევებსა და სირთულეებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში კონფლიქტით დაზარალებული პირები საქართველოსა და მის რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში აწყდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ და ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ლაშა დარსალიამ ოფიციალური მოლაპარაკებების ამჟამინდელი სტატუსი მიმოიხილა და მონაწილეებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, მან გამყოფი ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში პანდემიით გამოწვეული და უკიდურესად გართულებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული სიტუაციის შესახებაც ისაუბრა.

შეხვედრის განმავლობაში მონაწილეებმა აქცენტი რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გააკეთეს. კერძოდ, პანდემიისა და დაწესებული შეზღუდვების გამო, კონფლიქტით დაზარალებულ პირებს ხელი არ მიუწვდებათ აუცილებელი და პირველადი საჭიროების პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე. „კარანტინმა და გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ ბარიერები და პრობლემები მოსახლეობას გამყოფი ხაზის ორივე მხარეს შეუქმნა. მათ ხელი არ მიუწვდებათ ისეთ ძირითად მომსახურებებზე, როგორებიცაა მენტალური თუ ფიზიკური ჯანდაცვა, კომუნიკაციები, განათლება, ეკონომიკა, სურსათი და სხვა. ეს კი ამძიმებს მათი ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებებს“ ,- აღნიშნა კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდის, „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელმა ეკატერინე გამახარიამ.

შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციამ წარადგინა მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები, რომლებიც სამშვიდობო პროცესებში ქალთა ეფექტიანი მონაწილეობის გაზრდას ეხებოდა. კვლევაში ასახულია დაბრკოლებები და მოცემულია რეკომენდაციები მათი აღმოფხვრის შესახებ, რაც ფორმალურ და არაფრომალურ სამშვიდობო პროცესებს შორის კავშირების დამყარებასა და ქვეყანაში ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის წინ წამოწევას გულისხმობს.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ქართველ მონაწილეებსა და ქალთა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის ინფორმაციის რეგულარული გაცვლა 2014 წლიდან დიალოგის პლატფორმას და ოფიციალურ მოლაპარაკებებსა თუ სამშვიდობო პროცესებში ქალთა საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინების შესაძლებლობას წარმოადგენს.