სოციალური მედია ქალთა უფლებების დასაცავად COVID-19-ის დროს

მარტში გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ფეისბუქზე COVID-19-ის კრიზისში ქალთა უფლებების ადვოკატირებისთვის რამდენიმე კამპანია წამოიწყო. სოციალური მედიაპლატფორმის პოპულარობის დახმარებით, კამპანიების გზავნილებმა მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიცვა.

თარიღი:

ია გოგიძე; ფოტო: ია გოგიძის არქივი
ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმი ია გოგიძე. ფოტო ია გოგიძის არქივიდან

იმ დროს, როცა COVID-19-ის შეჩერების მთავარი იარაღი სოციალური დისტანცირება და მოწოდება „დარჩი სახლში“ იყო, მილიონობით ქალი ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე საკუთარ პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და ახალ გამოწვევებს უმკლავდებოდა, მათ შორის საქართველოშიც.

ერთ-ერთი მათგანი იყო სოფელ ქვემო ბოლნისის ოჯახის ექიმი ია გოგიძეც: "როცა ახალი კორონავირუსის სავარაუდო შემთხვევას ვიკვლევდი, შიში საერთოდ არ მიგრძვნია. ვიყავი ექიმი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, არაფერი გამომპარვოდა. მე ეს პროფესია ავირჩიე და ეს ბრძოლა ჩემი პასუხისმგებლობაა“, - ამბობდა ის.

იასთან ერთად, გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიის „ქალები COVID-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე“ ინსპირაციად არაერთი ქალი იქცა. ინიციატივამ ის ქალები წარმოაჩინა, რომელთა წვლილსაც ვირუსზე რეაგირებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

საქართველოში ქალები ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სექტორში მომუშავეთა უმრავლესობას წარმოადგენენ. მათ გარდა, ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე, მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდნენ ფარმაცევტები, სუპერმარკეტების კონსულტანტები, მოლარეები ბორტგამცილებლები და სხვები. კრიზისი ყოველდღიურად გვახსენებდა, რომ საქმიანობებს, რომლებიც საქართველოში სტერეოტიპულად ქალებისთვის შესაფერისად მიიჩნევა და დაბალანაზღაურებადია, სინამდვილეში საზოგადოებისთვის კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.

დარჩი სახლში, დარჩი უსაფრთხოდ

პანდემიებისა თუ სხვა კრიზისების დროს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის რისკი იზრდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ფეისბუქზე ინიციატივა „დარჩი სახლში, დარჩი უსაფრთხოდ“ წამოიწყო, რომლიც ფარგლებშიც აქტიურად ვრცელდებოდა ის სერვისები და ტელეფონის ნომრები, რომლებიც ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედებს.

სალომე გოგოძე; ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
სალომე გოგოძე. ფოტო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

„ახლა ადამიანები, მათ შორის მოძალადეებიც, ძირითადად სახლში არიან, ამიტომ მინდა, ქალებს მოვუწოდო: რა დროც არ უნდა იყოს, მეც და ჩემი კოლეგებიც მათ დასახმარებლად მზად ვართ. დარეკონ 112-ზე, შეგვატყობინონ და კომენდანტის საათის განმავლობაშიც ჩვენი ეკიპაჟები, საჭიროების შემთხვევაში, მსხვერპლს უსაფრთხო ადგილას გადაიყვანენ“, - ამბობდა კამპანიის ერთ-ერთი პერსონაჟი, პატრულ-ინსპექტორი სალომე გოგოძე.

გაინაწილე საქმე

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც COVID-19-ის კრიზისმა მძაფრად აჩვენა, ის უხილავი, აუნაზღაურებელი საშინაო შრომაა, რომელსაც ქალები ასრულებენ. გაეროს ქალთა ორგანიზაციამ იმ ქალების მონათხრობები შეაგროვა და გამოაქვეყნა, რომლებსაც იზოლაციის დროს სხვადასხვა საქმის ერთდროულად შესრულება უწევდათ.

ნინო თარხნიშვილი; ფოტო: UN Women
ნინო თარხნიშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„ასე გადავინაწილეთ ფუნქციები - როცა მე ვმუშაობ, სახლის საქმეს, იქნება ეს ჭურჭლის რეცხვა, იატაკის დასუფთავება თუ მტვრის წმენდა, ის აკეთებს... ახლა მივხვდი, როგორი დიდი შვებაა, როცა სამსახურიდან დაბრუნებულს (მერე რა, რომ სახლიდან ვმუშაობ), სახლის საქმე მოთავებული გხვდება“, - ამბობდა რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.

ირინკა ალიაშვილი შვილთან ერთად; ფოტო: გიორგი მარგიანი
ირინკა ალიაშვილი შვილთან ერთად. ფოტო: გიორგი მარგიანი

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო საქმეებს კვირაში 45 საათს უთმობენ, კაცები კი -15 საათს. იზოლაციის პერიოდში ეს ვალდებულებები და დრო კიდევ უფრო გაიზარდა, მით უმეტეს ქალებისთვის, რომლებიც დისტანციურად მუშაობდნენ და თან შვილების ონლაინსასაწავლო პროცესშიც მონაწილეობდნენ.

ქალების ისტორიებმა სტერეოტიპული სოციალური ნორმებიც წარმოაჩინა. ზოგი პერსონაჟი აღნიშნავდა, რომ საზოგადოება საოჯახო საქმეებსა თუ ბავშვზე ზრუნვას მხოლოდ ქალების მოვალეობად მიიჩნევს, კაცებს კი იგივეს შესრულებისთვის განსაკუთრებულ აპლოდისმენტებს უძღვნის. „თუკი მე 24/7-ზე მართლა შეუსვენებლად ვშრომობ, მაინც ჩვეულებრივი თანამშრომელი და დედა ვარ. მე თავიდანვე მომეთხოვებოდა, რომ მემუშავა ისე, თითქოს შვილი არ მყავს და შვილთან ვყოფილიყავი ისეთი დედა, რომელიც სამსახურში არ იღლება. ჩემი ქმარი კი საზოგადოების თვალში ბავშვის დაბადებიდანვე გმირი მამა მხოლოდ იმიტომ იყო, რომ საფენს უცვლიდა, ღამეებს უთენებდა, ჭურჭელს რეცხავდა ან საჭმელს აკეთებდა“, - აღნიშნავდა მედიაკომუნიკაციების პროექტების მენეჯერი ირინკა ალიაშვილი.

კამპანიები ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონტენტი აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში, ფეისბუქზე გამოქვეყნებულმა პოსტებმა მილიონზე მეტი მომხმარებელი მოიცვა.