ქალთა საერთაშორისო დღე 2020 - „მე ვარ თანასწორობის თაობა: ქალთა უფლებების რეალიზება“

თარიღი:

ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ფორნვიტ ვისიტორანი
ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ფორნვიტ ვისიტორანი

2020 წელს ქალთა საერთაშორისო დღის (8 მარტი) თემას „მე ვარ თანასწორობის თაობა: ქალთა უფლებების რეალიზება“ წარმოადგენს. იგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის ახალ კამპანიას „თანასწორობის თაობა“ ეხმიანება, რომელიც 1995 წელს ჩინეთში, პეკინის ქალთა მეოთხე მსოფლიო კონფერენციაზე მიღებული პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის 25-ე წლისთავის აღსანიშნავად ხორციელდება. დეკლარაცია და მისი სამოქმედო გეგმა აღიარებულია, როგორც ყველაზე პროგრესული სახელმძღვანელო ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის.

მსოფლიოში გენდერული თანასწორობის მიღწევისთვის 2020 წელი გადამწყვეტია, რადგან გლობალური საზოგადოება იმ პროგრესს აჯამებს, რომელიც პეკინის სამოქმედო პლატფორმის მიღების შემდეგ ქალების უფლებების კუთხითაა მიღწეული. ამას გარდა, გენდერული თანასწორობის კუთხით წელს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი აღინიშნება: მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის 5-წლიანი ეტაპის მთავარი აქცენტები, 20 წელი ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია N1325-ის მიღებიდან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბების მე-10 წლისთავი.

გლობალურ დონეზე არსებობს შეთანხმება, რომ პროგრესის მიუხედავად, ქალებისა და გოგოების უმეტესი ნაწილისთვის მსოფლიოში ცვლილებები ნელი ტემპით მიმდინარეობს. დღესდღეობით გენდერული თანასწორობისთვის არცერთ ქვეყანას არ მიუღწევია. კანონსა და კულტურაში ბევრი დაბრკოლება კვლავაც უცვლელი რჩება. ქალები და გოგოები სათანადოდ დაფასებულები არ არიან. ისინი მეტს მუშაობენ, მაგრამ ნაკლებ ანაზღაურებას იღებენ და არჩევანიც ცოტა აქვთ. ამას გარდა, ქალები და გოგოები სხვადასხვა ფორმის ძალადობას განიცდიან როგორც სახლში, ისე საჯარო სივრცეში. უფრო მეტიც, არსებობს საფრთხე, რომ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ფემინისტური მიღწევები ჩამოიშალოს.

2020 წელი გლობალური მოქმედების მობილიზების შესაძლებლობას გვთავაზობს და ის უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველა ქალისა და გოგოსთვის გენდერულ თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვას მივაღწიოთ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ 2020 წლის ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა ნიუ-იორკში მდებარე გაეროს სამდივნოში 2020 წლის 6 მარტს, პარასკევს, დილის 10-დან საღამოს 10 საათამდე გაიმართება.

ქალთა დღის აღნიშვნის მიზანია, თავი მოუყაროს ლიდერი ქალებისა და გოგოების მომავალ თაობებს, გენდერული თანასწორობის აქტივისტებს, ქალთა უფლებების დამცველებსა თუ სტრატეგიულად მოაზროვნე პირებს, რომლებმაც პეკინის სამოქმედო პლატფორმის შექმნაში უდიდესი როლი ითამაშეს. აღნიშნული ღონისძიება მნიშვნელოვანი ცვლილებების ინიციატორებს უმასპინძლებს. ასევე, გაიმართება დისკუსია, თუ როგორ შეუძლიათ მათ  ერთობლივად იზრუნონ ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის.

ქალთა დღის აღსანიშნავად, სიტყვით გამოვლენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები. ასევე, შედგება დიალოგი გენდერული თანასწორობის სხვადასხვა თაობის წარმომადგენელ აქტივისტებთან. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალური შემსრულებლებიც.

დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: www.unwomen.org