ჰკითხეთ აქტივისტს: რატომ იყო საჭირო პეკინის დეკლარაციისა და მოქმედებათა პლატფორმის მიღება?

თარიღი:

ავტორის შესახებ

Marina Tabukashvili. Photo: UN Women/Maka Gogaladze
მარინა თაბუკაშვილი. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე

მარინა თაბუკაშვილი ქალთა ფონდ „ტასოსა“ და მეხსიერების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელია. ის გვიყვება, თუ რატომ მიიღეს 1955 წელს პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის სტრატეგიულ დღის წესრიგს წარმოადგენს. რატომ ვერ ახერხებენ ამჟამადაც ქალები საკუთარი უფლებების რეალიზებას? მარინა თაბუკაშვილი სწორედ ამ თემაზე საუბრობს.

„პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის დღის წესრიგს წარმოადგენს, იყო და კვლავაც არის აუცილებელი ქალებისთვის, რათა მათ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში სრულად მონაწილეობის მიღება შეძლონ.

მსურს, ყურადღება გავამახვილო გენდერული თანასწორობის იმ საკითხებზე, რომლებიც აქ, საქართველოში, ჯერ კიდევ აქტუალურია. მჯერა, რომ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმები ადგილობრივ თემებთან უფრო ახლოს მივიტანოთ, ხელს შეუწყობს ქალების უფლებებისა და შესაძლებლობების გაფართოებას, მათი ეკონომიკური უფლებების ხელშეწყობასა და სოციალური სამართლიანობის კულტურის დამკვიდრებას.

ჩემი, როგორც გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების აქტივისტის, გზავნილი საქართველოში ახალი თაობის ქალი და კაცი აქტივისტებისთვის შემდეგია: „განაგრძეთ სწავლა საკუთარი და სხვა ადამიანების, მათ შორის ადგილობრივი ქალების გამოცდილებისგან, რომელიც მათი თემების კონტექსტიდან გამომდინარეობს. ახალგაზრდა აქტივისტებს მოვუწოდებ, მეტად იმუშაონ ადამიანებთან ერთად, ვიდრე ადამიანებისთვის.“

ვიმედოვნებ, რომ პეკინი+25 - ის ქვერეგიონული და რეგიონული კონსულტაციებისას შეკითხვის „რა გავაკეთოთ?“ ნაცვლად, ვიფიქრებთ, თუ „როგორ ვაკეთებთ ამას?“ როგორ შეგვიძლია ადგილობრივი თემების მობილიზება და წვლილის შეტანა ქალთა ლიდერობაში? როგორ ვუჭერთ მხარს ადგილობრივ თვითმმართველობებს დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში? როგორ გავაძლიერებთ მოხალისეობის კულტურას? როგორ ვიზიარებთ რესურსებს და როგორ ვაძლიერებთ მშვიდობის, დემოკრატიისა და სამართლიანობის კულტურის მოტივაციას?“


მასალა მომზადებულია რეგიონული მედიაკამპანიის ფარგლებში „12 ხმა. 12 თავგადასავალი. 12 ქალი ევროპისა და ცენტრალური აზიის 12 ქვეყნიდან“. გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების ჭრილში პეკინის სამოქმედო პლატფორმის 12 ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროს ასპექტია გამოკვლეული: სიღარიბე, განათლება და გადამზადება, ჯანმრთელობა, ძალადობა, შეიარაღებული კონფლიქტი, ეკონომიკა, ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღება, ინსტიტუციური მექანიზმები, ადამიანის უფლებები, მასმედია, გარემო და გოგო ბავშვი. 2020 წლის დასაწყისში, პეკინის დეკლარაციისა და სამოქმედო პლატფორმის მიღებიდან 25-ე წლისთავზე, აღნიშნული 12 ქალი, გენდერული თანასწორობის მიღწევის მიზნით, ეკონომიკებს, საზოგადოებებსა და პოლიტიკურ სისტემებს ახლებურად წარმოაჩენს. წარმოიდგინეთ სამყარო, სადაც გენდერული თანასწორობა ნორმაა. ეს ქალები ამას უკვე აკეთებენ.