მთავრობამ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ხელშემწყობი ორი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თარიღი:

საქართველოს მთავრობამ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განხორციელებისთვის 2016-2017 წლებისა და ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმები დაამტკიცა. პოლიტიკის ეს დოკუმენტები რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს, რომელთა შესახებაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე საუბრობს.

სოფო ჯაფარიძე, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში; ფოტო: საქართველოს მთავრობა
როგორც ცნობილია, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმამ წინა სამოქმედო გეგმასთან შედარებით ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები უფრო ფართოდ მოიცვა. რითია ეს განპირობებული და კონკრეტულად რა სიახლეებია 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში?

აღნიშნული გეგმის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, რომელიც სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის სამოქლაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან აქტიური კონსულტაციების შედეგად შემუშავდა, სწორედ არსებული დაცვის მექანიზმების დახვეწასა და მოქმედი კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან ჰარმონიზებას გულისხმობდა. აღნიშნულ კონვენციას საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ხელი 2014 წლის 19 ივნისს მოაწერა.

ჯერ კიდევ 2014 წელს საკანონმდებლო აქტებში სხვადასხვა ცვლილება განხორციელდა. მათ შორის აღსანიშნავია ოჯახში ძალადობის შესახებ კანონში უგულებელყოფის, როგორც არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ძალადობის ერთ-ერთი ფორმის დამატება; ასევე, „იურიდიული დახმარების შესახებ“ სქართველოს კანონში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწოფოს ხარჯზე იურიდიული დახმარების გაწევის ვალდებულების წარმოშობა. აღსანიშვნავია იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია და პატიმრობის კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომლის მიხედვითაც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოჯახური დანაშაულის ჩამდენ პირთათვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო კურსების დანერგვა დაეკისრა.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ცვლილებებისა, ადგილობრივი კანონმდებლობის სტამბოლის კონვენციასთან სრული ჰარმონიზების მიზნით ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო იყო გასაწევი. 2015 წელსვე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებათა მეორე პაკეტი მოამზადა, რომელიც 17 სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორცილებას გულისხმობს. აღნიშნული ცვლილებები ოჯახში ძალადობის ფარგლებს გასცდა და ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთა და პრევენცია მოიცვა.

რაც შეეხება სხვა სიახლეებს, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ქალთა და ოჯახში ძალადობის, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევისა და დანაშაულის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების მრავალფეროვნება, ძალადობის მსხვერპლთა/დაზარალებულთათვის არსებული მომსახურებების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, აღნიშნული მომსახურებების გაუმჯობესება, მსხვერპლთა/დაზარალებულთა და მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფა ქალთა და ოჯახში ძალადობის შესახებ პოლიტიკისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში. სამოქმედო გეგმა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სახელმწიფო უწყებების მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე, სიახლეს წარმოადგენს ძალადობის ერთ-ერთი ფორმის - ადრეული ქორწინების საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა აქტივობის გათვალისწინებაც, სადაც განსაკუთრებული აქცენტი მის პრევენციაზე კეთდება.

2012–ში საქართველო პირველი ქვეყანა იყო სამხრეთ კავკასიაში, რომელმაც 1325 რეზოლუციაზე ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო და განახორციელა, გამოცდილება შეიძინა და სამოქალაქო საზოგადოებისა და პროცესში ჩართული სხვა ორგანიზაციებისგან მომდევნო, 2016-2017 გეგმის შემუშავებისთვის რეკომენდაციები მიიღო. როგორ აისახა ეს ახალ გეგმაში?

საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი კვლავაც ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და რომლის იძულებით გადაადგილებული 269 541 პირიდან 53.44% (144 044) ქალია, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც თანმდევი რეზოლუციები, უაღრესად მნიშვნელოვანია. ქალების მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის კი ყველა დონეზე კრიტიკულია.

პირველი სამოქმედო გეგმის (2012-2015 წლები) მსგავსად, მეორე ეროვნული სამოქმედო გეგმაც ფართო კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა; კონსულტაციები ჩატარდა ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებელ სამინისტროებთან თუ სახელმწიფო უწყებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განსაკუთრებით კი იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც დევნილ ან კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს წარმოადგენენ.

1325 ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე კოორდინაციას აღმასრულებელი ხელისუფლება განახორციელებს და ეს პატივი მერგო მე, როგორც პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.სიახლეა ის, რომ ცალ-ცალკე განისაზღვრა საქმიანობის განხორციელებასა და შედეგების მიღწევაზე პასუხისმგებელი წამყვანი სამინისტროები/უწყებები და დამხმარესამინისტროები/უწყებები, დაიხვეწა ეროვნული სამოქმედო გეგმის მიზნები და ინდიკატორები. სამოქმედო გეგმის განხორციელების საწყისი ბიუჯეტი განისაზღვრა, თუმცა საჭიროა, 2017 წლის ბიუჯეტზე მუშაობისას იგი კვლავ გადაიხედოს.

ეროვნული სამოქმედო გეგმა წარმოადგენს გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების სფეროში აღებული ვალდებულებების შედეგად შემუშავებული ქცევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს. დარწმუნებული ვარ ახალი სამოქმედო გეგმა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დემოკრატიის პროცესებში, როგორც საქართველოში, ისე - მთლიანად რეგიონში.