დასავლეთ საქართველოში ადგილობრივ განვითარებას ქალები ხელმძღვანელობენ

თარიღი:

საქართველოში ბიზნესის დამწყებთა დიდი ნაწილს კვლავაც კაცები წარმოადგენენ. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს დარეგისტრირებული ბიზნესებიდან ქალების მფლობელობაში მხოლოდ 29% იყო.

მარინა სირაძემ სოფელ ლაითურში პურის საცხობი გახსნა
მარინა სირაძემ სოფელ ლაითურში პურის საცხობი გახსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

მათთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსებზე შეზღუდული ხელმისაწვდომობა რჩება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრ ქალს სხვადასხვა საქმიანობით ოჯახებისა და თემის ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ, რათა ახალი უნარები აითვისონ და საკუთარი ბიზნესების მასშტაბები გაზარდონ.

ამ ქალებს შორისაა მარინა სირაძეც, რომელმაც გურიაში, სოფელ ლაითურში პურის პირველი საცხობი გახსნა. მან საქმიანობა 2019 წლის მაისში დაიწყო და ამჟამად დღეში უკვე 135 პურს ყიდის. „ჩვენი საცხობი ყოველდღე ღიაა. ასეთ მაღალ მოთხოვნას სექტემბერში მივაღწიეთ. ვაპირებ, საქმიანობა გავამრავალფეროვნო და, პურის გარდა, მაფინები, ასევე, ქართული ტრადიციული ლობიანი და ხაჭაპურიც გამოვაცხო“,- ამბობს მარინა. მისი თანამშრომელი თემურ აბაშიძეც კმაყოფილია, რომ თავისი პროფესიით მშობლიურ სოფელში შეუძლია მუშაობა.

მარინა სირაძე ერთ-ერთი პირველი იყო მათ შორის, ვინც 2018 წლის დეკემბერში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში ბიზნესაქმიანობისთვის გრანტი მიიღო. ამის შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ფონდ „ტასოსთან“ პარტნიორობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, დასავლეთ საქართველოში 300-ზე მეტ ქალს გაუწია მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ფარგლებში, მათ თვითდახმარების ჯგუფები ჩამოაყალიბეს, ქალთა უფლებების, ბიზნესსაქმიაობის შესაძლებლობებისა და მცირე ბიზნესის მართვის შესახებ ცოდნა აიმაღლეს. რამდენიმე წევრმა კი კონკურსის შედეგად გრანტიც მიიღო. ამ ქალების პროდუქციაზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომ მათ ბიზნესების სამომავლო გაფართოებისთვის მკაფიო გეგმებიც აქვთ დასახული.

ირინა ყორშია ბიზნესს ანაკლიაშიც იწყებს
ირინა ყორშია ბიზნესს ანაკლიაშიც იწყებს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

კიდევ ერთი გრანტის მიმღები ირინა ყორშიაა, სახელოსნო „ირდას“ დამფუძნებელი, რომელიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ტყავის პროდუქციას - ჩანთებსა და საფულეებს ამზადებს. 2018 წლის ბოლოს მან სამთავრობო პროექტისგან „აწარმოე საქართველოში“ 7,000 ლარი მიიღო (2,430 აშშ დოლარი) მიიღო. ამ თანხას კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში გაცემული გრანტის სახით 3,025 ლარი (1,050 აშშ დოლარი) დაემატა. ირინა, რომელიც პროფესიით დიზაინერია, ამ თანხით სამკაულების შექმნის გარდა, ახალი მიმართულება - ტყავის პროდუქციის წარმოება წამოიწყო და შესაბამისი აღჭურვილობაც შეიძინა.

„ამ ერთ წელიწადში ყველაფერი შეიცვალა. USAID-სგან მიღებული ახალი დაფინანსებითა და ჩემი საკუთარი დანაზოგით ახლა სახელოსნოს ანაკლიაშიც ვხსნი. გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „ტასოს“ პროექტის დახმარებით, უკვე მოვიძიე თანამშრომელი, რომელიც დედაჩემთან ერთად იმუშავებს. სახელოსნო ძირითადად სასკოლო ჩანთების შექმნით იქნება დაკავებული“, - ამბობს ის.

2019 წელს დასავლეთ საქართველოში ჩამოყალიბებული თვითდახმარების ჯგუფების რაოდენობამ 38-ს მიაღწია, გრანტების მიმღებთა რაოდენობა კი 58-მდე გაიზარდა. აღნიშნული აქტივობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში ხორციელდება.