სექსუალური შევიწროების ეფექტიანი გამოძიება გამოწვევად რჩება

თარიღი:

გაეროს გენერალური მდივნის მოადგილისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პუმზილე მლამბო-ნგუკას განცხადებით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წყაროდ რჩება უთანასწორობა და დისკრიმინაცია, მათ შორის სექსუალური შევიწროებაც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ნორმალიზებული, გამართლებული და დამალული იყო.

კანადელი ექსპერტი ადრიანა გრინბლატი სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევის დროს მსხვერპლზე/დაზარალებულზე ფოკუსირებული მიდგომის შესახებ საუბრობს
კანადელი ექსპერტი ადრიანა გრინბლატი სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევის დროს მსხვერპლზე/დაზარალებულზე ფოკუსირებული მიდგომის შესახებ საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

სექსუალური შევიწროების აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ადგილობრივი პარტნიორებისთვის ტრენინგები ჩაატარა. მათ თემატიკას დასაქმების ადგილას სექსუალური შევიწროების მექანიზმების გაუმჯობესება და სექსუალური შევიწროების შემთხვევების მსხვერპლებისა და დაზარალებულების ინტერესებზე მორგებული გამოძიება წარმოადგენდა.

13-17 იანვარს, ბორჯომში, კანადელი ექსპერტის, ადრიანა გრინბლატის ფასილიტაციით ორი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგებს სხვადასხვა უწყების 50 წარმომადგენელი დაესწრო. ამ უწყებებს შორის იყო: შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროები, საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აკადემია, აწარმოე საქართველოში, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ორიენტ ლოჯიკი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, თბილისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები.

„ტრენინგებმა დამსწრეებზე დიდი გავლენა მოახდინა. მათი ინტერესი საკითხის მიმართ იმაზე მეტად გაიზარდა, ვიდრე მოველოდი“, - განაცხადა ადრიანა გრინბლატმა. მონაწილეებმა კი აღნიშნეს, რომ შეხვედრებმა ისინი ისეთ საკითხებზე დააფიქრა, როგორებიცაა გავრცელებული სტერეოტიპები მსხვერპლის მხრიდან სექსუალური შევიწროების „გამომწვევი“ ან „წამაქეზებელი“ ქცევის შესახებ და გამოძიების პროცესში ამ სტერეოტიპის აღმოფხვრა. ტრენინგის მონაწილე კაცებმა გაიაზრეს, თუ რა არის ქცევა, რომელმაც შესაძლოა სამუშაო გარემოში დისკრიმინაციის დამკვიდრება წაახალისოს. როგორც მათ აღნიშნეს, შეეცდებიან, ყოველთვის აღმოუჩინონ მხარდაჭერა იმ ადამიანებს, რომლებსაც სექსუალური შევიწროების შემთხვევები ექნებათ.

როლური თამაშისას მონაწილეები სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევას განიხილავენ
როლური თამაშისას მონაწილეები სექსუალური შევიწროების შემთხვევების მოკვლევას განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

„ტრენინგი ძალიან ინფორმაციული, ინტერაქტიული იყო და მრავალმხრივი მსჯელობის საშუალებას იძლეოდა. კერძოდ, რამდენად მგრძნობიარეა გამოძიების პროცესი, როგორია მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, პრაქტიკაში რა არის გასათვალისწინებელი დაზარალებულთან ინტერვიუს დროს და როგორ უნდა შევიმუშაოთ სექსუალური შევიწროების გამოძიების ოქმი ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ადამიანური რესურსების დეპარტამენტის, სამოქალაქო პერსონალის პოლიტიკის განყოფილების უფროსმა თამთა ჭრიკიშვილმა.

ტრენინგის მიზანი იყო მონაწილე ორგანიზაციების მხარდაჭერა სექსუალური შევიწროების შიდა საგამოძიებო კომისიების შექმნისა და მათი წევრების შესაძლებლობების განვითარების კუთხით, ასევე, ამ ორგანიზაციებში სექსუალური შევიწროების შემთხვევების მსხვერპლებისა და დაზარალებულების ინტერესებზე მორგებული გამოძიების დანერგვა.

ინიციატივა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთის კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის, ასევე, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ.