ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი ღია კარის დღე

თარიღი:

მეექვსე წელია, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისი გაეროს სისტემის სხვა წარმომადგენლებთან, UNDP-სთან, UNHCR-თან და საქართველოში კონფლიქტის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში გაეროს წარმომადგენლის ოფისთან (UNRGID) ერთად, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების (WPS) საკითხებზე თბილისში ღია კარის დღეებს აწყობს.

ახალგაზრდა აქტივისტი მონიკა მორგოშია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების პრობლემების შესახებ საუბრობს
ახალგაზრდა აქტივისტი მონიკა მორგოშია კონფლიქტით დაზარალებული ახალგაზრდების პრობლემების შესახებ საუბრობს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ქალთა და ახალგაზრდული სამოქალაქო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული პირები, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ქალები იმერეთის, სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან (სულ 60-მდე მონაწილე) წელსაც შეიკრიბნენ, რათა გაეროს წარმომადგენლებთან ერთად ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მიღწევები და გამოწვევების დაძლევის პროგრესი განეხილათ.

„ღია კარის დღე მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, რათა მოვისმინოთ კონფლიქტით დაზარალებული ქალების გამოცდილება, იდეები და პრიორიტეტები“, - განაცხადა გაეროს მუდმივმა კოორინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

საქართველოს 2012 წლიდან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განხორციელების სამი ეროვნული სამოქმედო გეგმა აქვს მიღებული. ამ პერიოდის განმავლობაში აღნიშნული გეგმით მიღწეული ბევრი დადებითი შედეგის მიუხედავად, ქალების სრული, თანასწორი და ეფექტიანი მონაწილეობა, გასაკუთრებით ადგილობრივ დონეზე, კვლავ გამოწვევად რჩება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ქალების შეკითხვებს პასუხობენ
გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა და გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი ქალების შეკითხვებს პასუხობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლების ქალმა წარმომადგენლებმა უსაფრთხოებასთან, სოფლების დაცლასთან, ასევე ძირითად მომსახურებებზე - ჯანდაცვაზე, ტრანსპორტზე, გზებსა და ინფრასტრუქტურაზე შეზღუდულ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები წამოჭრეს. „შექმნილი უსაფრთხოების სიტუაციის გამო, ტყეზე წვდომა დავკარგეთ, რაც ჩვენი შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. შედეგად, ბევრი ადამიანი ტოვებს სოფელს, რადგან არ აქვს შესაძლებლობა, რომ ოჯახი შეინახოს ან ნორმალური ცხოვრებით იცხოვროს“, - აღნიშნა სოფელ ჩორჩანის (ხაშურის მუნიციპალიტეტი) მკვიდრმა ლელა მულაძემ.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენლებმა იულია ხარაშვილმა, (იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“), ელენე-მაია რუსეცკაიამ (ქალთა საინფორმაციო ცენტრი) და ეკატერინე გამახარიამ (კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“) გაეროს სისტემის წარმომადგენლებს ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიცაზიის შედეგად გამოვლენილი ფაქტები და კონკრეტული მაგალითები გაუზიარეს. კერძოდ, ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, თუ როგორ შეუძლია არა მხოლოდ ადგილობრივ ხელისუფლებას, არამედ საერთაშორისო საზოგადოებასა და დონორ ორგანიზაციებს, ეფექტურად გადაჭრან კონფლიქტით დაზარალებული ქალების (და მათი თემების) საჭიროებები და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი პერსპექტივები გაითვალისწინონ.

აღნიშნული ღონისძიების შედეგად მიღებული დასკვნები და რეკომენდაციები გაეროს სისტემას აწვდის ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც იგი, გაეროს შესაბამისი სააგენტოების, პროგრამების, ფონდების, უწყებების მანდატების, გაეროს მდგრადი განვითარების პარტნიორობისა და ნაციონალიზებული მდგრადი განვითარების მიზნების მიმართ აღებული ვალდებულებების შესაბამისად, ადგილობრივ პარტნიორებს, განსაკუთრებით ადგილობრივ თემებსა თუ იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებს უწევს მხარდაჭერას.