ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი ზუგდიდში ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის მხარდასაჭერად

თარიღი:

„ურთიერთდახმარებით ჩვენ ერთმანეთისთვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. სამეგრელო-ზემო სვანეთს უდიდესი ტურისტული პოტენციალი და ყველა კომპონენტი აქვს, რათა წარმატებას მიაღწიოს და მომგებიანი გახდეს“, - განაცხადა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა ზუგდიდის ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმზე.

ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ლაშა კობერიძე ბიზნესის მართვის შესახებ სესიაზე
ფინანსთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენელი ლაშა კობერიძე ბიზნესის მართვის შესახებ სესიაზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ ინიციატივით გამართულ ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება ტურიზმისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროებში ქალთა შესაძლებლობების განხილვას მიექცა. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან 2018 წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 7.6% შეადგინა. ფორუმზე წარმატებულმა ქალებმა, რომლებიც ტურისტებთან მუშაობენ, აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება და წარმატების ისტორიები გაუზიარეს, სამთავრობო უწყებებმა კი ის საგრანტო პროგრამები წარადგინეს, რომელთა გამოყენებაც ქალებს საოჯახო ტიპის სასტუმროებისა და სხვა ბიზნესების გაფართოების მიზნით შეუძლიათ.

ფორუმზე მომხსენებლებმა ხარისხიანი კულინარიისა და მეღვინეობის მნიშვნელობაც განიხილეს, რაც ტურისტებისთვის საქართველოში განსაკუთრებით მიმზიდველია. „ვიცით, რომ ისტორიულად ქალები მეღვინეობაში ყოველთვის მონაწილეობდნენ. დღეს ბევრი ქალია დაინტერესებული, რომ საკუთარი ძალები სცადოს და ამ ბიზნესში ჩაერთოს“, - განაცხადა ქეთო ნინიძემ, საოჯახო მარნის „ოდას“ მეღვინემ მარტვილიდან.

სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მეწარმე ქალებს საგანმანათლებლო და საგრანტო შესაძლებლობებს აცნობენ
სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები მეწარმე ქალებს საგანმანათლებლო და საგრანტო შესაძლებლობებს აცნობენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

რეგიონის სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესების მხარდასაჭერის მიზნით, ფორუმში ფოტოგრაფიის, სოციალური მედიის, მარკეტინგისა და კულინარიის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ, რომელთაგანაც რჩევები და რეკომენდაციები ბევრმა ქალმა მიიღო. მეორე დღეს კი ექსპერტების ჯგუფი 4 მათგანს ადგილზე ესტუმრა და პრაქტიკული კონსულტაციებიც გაუწია.

ბიზნესკავშირებისა და კონტაქტების დამყარება სადილზე გაგრძელდა, რომლითაც მონაწილეებს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე (WEPs) ხელმომწერი უძრავი ქონების კომპანია m2 გაუმასპინძლდა. სადილზე რეგიონში მცხოვრები ქალი მეწარმეები მიიწვიეს და, ამავდროულად, წარმოდგენილი პროდუქტების მწარმოებელი ქალი ფერმერების შესახებ ინფორმაციაც გაავრცელეს. აღსანიშნავია, რომ კვების მომსახურების მიმწოდებელი რესტორანი ყველის მწარმოებელი ქალის პროდუქციით დაინტერესდა და ის მომწოდებლებს შორის უკვე ჩართო.

ზუგდიდის ფორუმით გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნესლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ მიერ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ინიცირებული ფორუმები დასრულდა. სამივე ღონისძიება ნორვეგიისა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობების ფინანსური დახმარებით ჩატარდა.