ცნობილი ქართველი დიზაინერი თამუნა ინგოროყვა ახალბედა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

თარიღი:

ქალებისთვის, რომლებიც აქტიურ სამეწარმეო საქმიანობაში პირველ ნაბიჯებს დგამენ, მათსავე სფეროში მოღვაწე, წარმატებული ქალების რჩევებისა თუ გამოცდილების გაზიარება ახალი ცოდნის მიღებისა და მოტივაციის ამაღლების კარგი შესაძლებლობაა.

ქალებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას დიზაინისა და სამკერვალო საქმის მიმართულებით ეწევიან, წამყვანი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას მასტერკლასი გაიარეს
ქალებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას დიზაინისა და სამკერვალო საქმის მიმართულებით ეწევიან, წამყვანი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას მასტერკლასი გაიარეს; ფოტო: საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივით, ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება 22 მაისს შედგა. დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებმა ქალებმა, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობას დიზაინისა და სამკერვალო საქმის მიმართულებებით ეწევიან, წამყვანი ქართველი დიზაინერის, თამუნა ინგოროყვას მასტერკლასი გაიარეს.

თამუნა ინგოროყვა ტანსაცმლის დიზაინს 2002 წლიდან წარმატებით ქმნის და არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ პოპულარულია. მან მასტერკლასის მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და ის პრაქტიკული რჩევებიც მისცა, რომლებიც სამოსის შექმნის პროცესშია გასათვალისწინებელი, რათა მათი საქმიანობა კიდევ უფრო მომგებიანი გახდეს. "ახლა მთელ მსოფლიოში აქცენტი ხარისხზე კეთდება, ამიტომ მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. საყურადღებოა ონლაინსივრცეც. სოციალური ქსელები გაყიდვებში ძალიან დაგეხმარებათ", - აღნიშნა მან.

მასტერკლასის მონაწილეებმა დიზაინერის შოურუმი, სამკერვალო, კონსტრუირებისა და ქსოვილების ოთახები დაათვალიერეს. ისინი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შექმნის პროცესსაც დასწრნენ. ირინა ყორშიამ, რომელიც სამეგრელოს რეგიონში, ქალაქ ზუგდიდში ცხოვრობს და აქსესუარებს ქმნის, თამუნა ინგოროყვას საკუთარი ნამუშევრები აჩვენა და რჩევებიც მიიღო.

„ჩემთვის ასეთ წარმატებულ დიზაინერთან ურთიერთობა ძალიან დიდი სტიმულია. მუშაობის მთელი პროცესი გვაჩვენა. მასტერკლასი განვითარებაში ძალიან დამეხმარება. თითქოს ეს საქმე თავიდან, სულ სხვაგვარად დავინახე“, - აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ქუთაისიდან (იმერეთის რეგიონი) მაგდა კუპატაშვილმა.

მასტერკლასს სულ 8 მეწარმე ქალი დაესწრო. ყველა მათგანი პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში" ბენეფიციარია, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტს წვლილი შეაქვს ქალი მეწარმეების სპეციფიკური ცოდნის გაუმჯობესებაში და ხელს უწყობს მეტი ინფორმაციის მიღებასა და გამოცდილების გაზიარებას ბიზნესის მდგრადობისა და მომგებიანობის შესახებ.