112-ის მობილურ აპლიკაციას ოჯახში ძალადობის შესახებ ახალი ფუნქციები დაემატა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ოჯახში ძალადობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და მასზე რეაგირების მექანიზმები კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი ხდება.

აეროს ქალთა ორგანიზაციისა და
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და "112"-ის წარმომადგენლები მობილური აპლიკაციის ახალ ფუნქციონალს ზუგდიდში ადგილობრივ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს აცნობენ; ფოტო: "112"

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც ამ მიმართულებით გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“- ის მობილური აპლიკაციის ახალი ფუნქციონალია. კერძოდ, „112“ - ის აპლიკაციის სასარგებლო რჩევებს ოჯახში ძალადობის განყოფილებაც დაემატა. მისი დახმარებით დაინტერესებული პირები მარტივად მოიძიებენ ინფორმაციას, თუ რა არის ოჯახში ძალადობა და როგორია მისი ფორმები, ასევე, როგორ მოიქცნენ, თუ ოჯახში ძალადობის პრობლემა აქვთ, ან იციან ამგვარი შემთხვევები შესახებ. აპლიკაცია მათ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სახელმწიფო მომსახურებების - თავშესაფრების, კრიზისული ცენტრებისა და ცხელი ხაზის (116 006) შესახებაც ამომწურავ ინფორმაციას აწვდის. ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობები ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზეა ხელმისაწვდომი.

მობილური აპლიკაციის ახალი ფუნქიონალი გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის, „112“- ის წარმომადგენლებმა 7 მარტს დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონის ქალაქ ზუგდიდში, ადგილობრივ სამოქალაქო-საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და თვითმმართველობის წარმომადგენლებს გააცნეს.

„როგორც საკრებულოს დეპუტატი ყველა შეხვედრაზე გავავრცელებ ამ ინფორმაციას და ვეცდები, აღნიშნული ხერხებითაც შევუწყო ხელი ოჯახში ძალადობის პრობლემის დაძლევას“ , - აღნიშნა შეხვედრაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირუზა კაკავამ.

112-ის მობილური აპლიკაცია უფასო, ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სერვისია, რომლის მთავარ უპირატესობას ადგილმდებარეობის განსაზღვრა წარმოადგენს. მას ჩუმი განგაშისა და ჩატის ფუნქციები აქვს და ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოქალაქეს საუბარი არ შეუძლია, ან დარეკვით საფრთხე ექმნება, მას SOS - ჩუმი განგაშის ან ჩატის ფუნქციების გამოყენება შეუძლია. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით ოჯახში ძალადობის შემთხვევების დროსაა მნიშვნელოვანი. აღსანიშნავია, რომ SOS ღილაკზე დაჭერით 112-ის ოპერატორთან მოქალაქის ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი GPS კოორდინატები იგზავნება, დაფიქსირებულ ადგილზე კი პოლიცია მიდის.

საინფორმაციო შეხვედრა გენდერული კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. თავად ინიციატივა კი პროექტის „ერთად დავძლიოთ ქალთა მიმართ ძალადობა“ ფარგლებში განხორციელდა, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს.