ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციისთვის გადადგმული ნაბიჯები საქართველოში

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განხორციელების შესახებ (2015) ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმების მქონე ქვეყნებს რეკომენდაციას აძლევს, მხარი დაუჭირონ მონაწილეობით პროცესებს, სოციალური ანგარიშვალდებულების ინსტრუმენტებსა თუ ლოკალიზაციის ინიციატივებს და ამ მიმართულებით ინვესტიციები განახორციელონ.

სამუშაო ჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრა მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის საკითხებზე ზუგდიდში
სამუშაო ჯგუფის საკონსულტაციო შეხვედრა მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის საკითხებზე ზუგდიდში; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ მონიტორინგის ანგარიშებიც საქართველოს მთავრობას რეკომენდაციას აძლევს, რომ მან ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020 წწ.) ლოკალიზაცია უზრუნველყოს.

აღნიშნული რეკომენდაციების შესრულების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“ და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ - კოალიციასთან დაიწყეს თანამშრომლობა. პარტნიორობის მიზანი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში რეგიონული და ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობების გაძლიერება, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების მონაწილეობის გაზრდა და დიალოგის ხელშეწყობაა. ლოკალიზაციის პროცესი საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში (დუშეთი, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, საჩხერე, სტეფანწმინდა, წალენჯიხა, წყალტუბო და ზუგდიდი) მიმდინარეობს, რომელთა შერჩევაც გამყოფ ხაზთან სიახლოვის, ან დევნილი მოსახლეობის მაღალი კონცენტრაციის საფუძველზე მოხდა.

11 -13 თებერვალს იმერეთსა და სამეგრელოში საკონსულტაციო შეხვედრები მოეწყო, რომელსაც საჩხერის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები, გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობა, დევნილი ქალები და ადგილობრივი თემის წევრები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა შეხვედრაზე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს და ხაზი გაუსვეს უსაფრთხოებისა თუ სოციალურ-ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებსა და მოსახლეობის საჭიროებებს. ადამიანების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა დევნილთა გრძელვადიან განსახლებასა და საარსებო წყაროებთან დაკავშირებულ პრობლემებზე, გამყოფი ხაზის გადაკვეთის გამო ადამიანების უკანონო დაკავებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებსა და ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვით გამოწვეულ უარყოფით შედეგებზე.

სოფელ კახათის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, გამყოფი ხაზის მახლობლად) კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებმა დევნილმა თეონა ქარდავამ ხაზი გაუსვა იმ პრობლემებს, რაც ადგილობრივ ქალებს ხელს უშლით, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში: „ქალებს არ აქვთ მხარდაჭერა, რომ პოლიტიკაში ჩაერთონ, რადგანაც სასიცოცხლო მნიშვნელობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთანა და სხვა ყოველდღიურ გამოწვევებთან უწევთ გამკლავება“, - აღნიშნა მან.

ამგვარი საკონსულტაციო შეხვედრები ყველა სამიზნე მუნიციპალიტეტში იმართება და მიზნად ერონული დონეზე არსებული პოლიტიკისა და ადგილობრივი საჭიროებებისა თუ პრიორიტეტების ურთიერთდაკავშირებას ისახავს. აღნიშნული მონაწილეობითი პლატფორმების არსებობა მუნიციპალიტეტების წევრებში, დევნილებსა და კონფლიქტით დაზარალებულ ქალებში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ეროვნული სამოქმედო გეგმის კიდევ უფრო ღრმად გათავისებას უწყობს ხელს, რაც აღნიშნული გეგმის ქვემოდან ზემოთ მიმართულ განხორციელებას უზრუნველყოფს.