ძალადობის მსხვერპლთათვის საქართველოში სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაიხსნა

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, შვედეთის მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის სერვისების გეოგრაფიული არეალის გაფართოებაში ეხმარება.

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის ოზურგეთში (გურია), თელავსა (კახეთი) და ზუგდიდში (სამეგრელო) სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაიხსნა
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის ოზურგეთში (გურია), თელავსა (კახეთი) და ზუგდიდში (სამეგრელო) სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაიხსნა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის ოზურგეთში (გურია), თელავსა (კახეთი) და ზუგდიდში (სამეგრელო) სამი ახალი კრიზისული ცენტრი გაისხნა. მათი მიზანია ძალადობის მსხვერპლებმა და ძალადობაგანცდილმა პირებმა მხარდამჭერი მომსახურების მიღება ერთი ფანჯრის პრინციპით შეძლონ. კრიზისული ცენტრები მსხვერპლებსა და ძალადობაგანცდილ პირებს ფსიქოლოგიურ და სოციალურ-ეკონომიკურ დახმარებას, სარეაბილიტაციო, სამედიცინო, იურიდიულ და რეფერალურ სერვისებს სთავაზობს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, თბილისში, ქუთაისსა (იმერეთი) და გორში (შიდა ქართლი) 3 ცენტრი უკვე მოქმედებდა, ამიერიდან კი მათი რიცხვი 6-მდე გაიზარდა. ცენტრებში სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალებს მსხვერპლებისა და ძალადობაგანცდილი პირებისთვის ხელმისაწვდომი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ.

ოზურგეთში გახსნილი კრიზისული ცენტრი საქართველოში უკვე მეოთხე სახელმწიფო ცენტრია და ის ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან უკვე მიღწეულია შეთანხმება, რომ კრიზისულ ცენტრს 2020 წლიდან მთლიანად მთავრობა დააფინანსებს.

თელავსა და ზუგდიდში კრიზისული ცენტრები ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, ქალთა საკონსულტაციო ცენტრ „სახლისა“ და შესაბამისი ადგილობრივი მუნიციპალიტეტების თანამშრომლობის შედეგად, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიხსნა. 2021 წლიდან თელავისა და ზუგდიდის კრიზისული ცენტრების დაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ.

ევროკავშირსა და შვედეთის მთავრობასთან პარტნიორობით, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული კრიზისული ცენტრების ქსელის გაფართოების მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია სახელმწიფო ფონდის მხარდაჭერას მომავალშიც გეგმავს. პროექტის ფარგლებში აჭარის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში დამატებით 3 კრიზისული ცენტრის გახსნაა გათვალისწინებული.