ქალთა გაძლიერების პრინციპების განმახორციელებელი კომპანიების რაოდენობა 26-მდე გაიზარდა
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციამ „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ (WEPs) ყოველწლიურ ღონისძიებას - „ბიზნესლიდერობა ქალთა გაძლიერებისთვის საქართველოში“ უმასპინძლა. კერძო სექტორის 100-ზე მეტმა წარმომადგენელმა „ქალთა გაძლიერების პრინციპებით“ მიღებული ის პრაქტიკა განიხილა, რომელიც ქალთა გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაზეა ორიენტირებული.
იმ პირველ კომპანიების შორის, რომლებმაც 2016 წელს „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ განხორციელება და სამოქმედო გეგმების შედგენა დაიწყეს, „აჭარა ჯგუფი“, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, საკონსულტაციო ჯგუფი „ჯეპრა“ და დეველოპერული კომპანია მ2 იყვნენ. კომპანიებმა ყურადღება რამდენიმე თემაზე გაამახვილეს: სამუშაო ადგილას გენდერული დისკრიმინაციის აღმოფხვრა, რისთვისაც მათ თანამშრომლებისა და მენეჯერებისთვის გენდერისა და სექსუალური შევიწროების შესახებ ტრენინგები გამართეს, სამუშაო აღწერილობებისა და განცხადებების გენდერული პერსპექტივიდან გადახედვა და იმ ქალებისთვის სამუშაოს შეთავაზება, რომლებმაც ოჯახში ძალადობის პრობლემა დაძლიეს.
ღონისძიების გახსნაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველმა კერსტინ აგნეტა ვალბერგმა აუდიტორიას ნორვეგიის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა და სამინისტროს ის მიდგომა გააცნო, რომელიც საქართველოში გენდერული თანასწორობის მისაღწევად კერძო სექტორის ძალისხმევას უჭერს მხარს.
დისკუსიის მიმდინარეობისას კომპანიებმა, რომლებიც „ქალთა გაძლიერების პრინციპებს“ 2017-2018 წლებში შეუერთდნენ, პირველი გამოცდილებებისა და გეგმების შესახებ ისაუბრეს. მაგალითად, კომპანიამ „ეისითიმ” იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავთ, დღის სამზრუნველო ოთახი გახსნა. „ეისითი საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა რუსუდან თელიამ ამ ინიციატივით მიღებული სარგებლის შესახებ ისაუბრა: „გაიზარდა თანამშრომლების მხრიდან ვალდებულების შესრულება, მათი ლოიალობა და მოტივაცია“.
ღონისძიების მიმდინარეობისას „ქალთა გაძლიერების პრინციპებს“ შვიდი ახალი კომპანია - ბილტმორი, რესტორანი ფუნიკულიორი, საქართველოს ფოსტა, სადაზღვევო კომპანია ალფა, მარიოტი, ვესტ ინვესტი და ზარაფხანა - შეუერთდა. „ქალთა გაძლიერების პრინციპების“ დანერგვის ვალდებულების აღებით, კომპანიების აღმასრულებელი დირექტორები საქართველოში მოქმედ 19 კომპანიას, მსოფლიოს მასშტაბით კი 2,000-ზე მეტ ორგანიზაციას შეუერთდნენ.
ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს გაიმართა და მას 120-მდე მონაწილე დაესწრო, მათ შორის სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. „ქალთა გაძლიერების პრინციპებისადმი“ ინტერესი ადამიანის უფლებების მიმართ კორპორაციული მიდგომის განვითარების პარალელურად იზრდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ყუარდღება ამ პროგრესზე გაამახვილა: „10 წლის წინ ბევრი ადამიანი იფიქრებდა, რომ ბიზნესლიდერების შეკრება ამ კონკრეტულ თარიღს უბრალოდ დაემთხვა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც ბიზნესსა და ქალთა უფლებებს შორის კავშირების შესახებ ცნობადობა გაიზარდა, ადამიანის უფლებების დღეს ამ ღონისძიების გამართვა გაცილებით ლოგიკური ხდება“, - განაცხადა ერიკა კვაპილოვამ.
ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ (JAWE) ფარგლებში გაიმართა, რომელიც ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. „ქალთა გაძლიერების პრინციპებთან“ დაკავშირებული, პროექტით გათვალისწინებული სამუშაო სამოქალაქო განვითარების სააგენტოსთან (CiDA) თანამშრომლობით მიმდინარეობს, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს.