ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალების ჩართულობისთვის წინგადადგმული ნაბიჯები
თარიღი:
გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების (GID) მონაწილეებსა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შორის რეგულარული შეხვედრები გრძელდება. აღნიშნული შეხვედრების მიზანია ინფორმაციის გაზიარება, ასევე, ქალთა პრიორიტეტებისა და საჭიროებების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარ მიმართულებად ჩართვა.
2018 წლის 17 დეკემბერს, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებთან და ქალთა უფლებამდაცველებთან, სადაც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 46-ე რაუნდის მთავარი შედეგები განიხილეს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა ლაშა დარსალიამ სამშვიდობო პროცესის განხორციელების და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ბოლო შეხვედრაზე, მოლაპარაკებებში მონაწილე პირებისგან ქვეჯგუფის შექმნა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე იქნა განხილული. ეს წინგადადგმული ნაბიჯია იმის უზრუნველსაყოფად, რომ იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალების და მათი თემების საჭიროებებს და პრიორიტეტებს უფრო მეტი ყურადღება მიექცეს.“
„გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ჩვენ რეგულარულ შეხვედრებს ვმართავთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ქალთა უფლებამდაცველებთან. აღნიშნული შეხვედრების მიზანია მათთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების საკითხებზე. ეს მნიშვნელოვანი ფორმატია ინფორმაციის გაზიარებისთვის, რომელშიც ყველა მხარე მონაწილეობს, ქალთა უფლებადამცველების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით.“ - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ოლქის საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსმა.
ინფორმაციის გაზიარების მიზნით რეგულარული შეხვედრების გამართვა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის (2018-2020) ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნულ გეგმაში ქალების მონაწილეობის მხარდაჭერა მშვიდობის დამკვიდრების და კონფლიქტის მოგვარების პროცესებში ერთერთი პრიორიტეტული საკითხია.