საქართველომ ღონისძიებას „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში“ უმასპინძლა

თარიღი:

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თემაზე: „ქალი ლიდერები უსაფრთხოებასა და თავდაცვაში - გაეროს 1325 რეზოლუციის შესრულება“ სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა აშშ-ის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის
შეხვედრა აშშ-ის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცოგოვინისა და საქართველოს წარმომადგენლებს შორის; ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

ორდღიანი შეხვედრა თბილისში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში მიმდინარეობდა.შეხვედრას აშშ-ის, იტალიის, საბერძნეთის, ბულგარეთის, რუმინეთის, თურქეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინის, ასევე, საქართველოს უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის 25 წარმომადგენელი დაესწრო. მონაწილეებმა ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ქალების როლი შეიარაღებულ ძალებში, საერთაშორისო მისიებსა და ოპერაციებში, ასევე, გენდერული მეინსტრიმინგი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში, გაეროს 1325 რეზოლუციის ეროვნულ დონეზე შესრულების კონტექსტის გათვალისწინებით.

სამუშაო შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა გახსნა. მან ხაზი გაუსვა უსაფრთხოების სექტორის ოპერაციების უფრო ეფექტიანად განხორციელებისთვის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორებში ქალების მონაწილეობას: „მდგრადი მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოუდგენელია ქალების აქტიური წვლილის გარეშე. ისინი უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორში გაწეული ძალისხმევის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ“, - აღნიშნა მან.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელების მიზნით, ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAP) ფარგლებში, მხარდაჭერას უწევს. სამინისტრო ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით ლიდერად მიიჩნევა. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოში პირდაპირი კანონმდებლობა არ არსებობს, სამინისტროს ხელმძღვანელობამ „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდებაში“, მთავრობის #537-ე დადგენილებით, ცვლილებები შეიტანა. წესდების 501-ე მუხლში პირველადაა შემოტანილი საქართველოს თავდაცვის სისტემაში სექსუალური შევიწროების ცნება და დამრღვევებისთვის სანქციებია გაწერილი. აღნიშნული მუხლი შემდეგნაირადაა ფორმულირებული: „სამხედრო მოსამსახურის მიერ პირის სექსუალური შევიწროება, თუ ამგვარი ქმედება არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს ან/და ამ წესდების 50-ე მუხლით განსაზღვრულ დისციპლინურ გადაცდომას, გამოიწვევს 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას ან ხელფასიდან 10%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით ან 30 საკრედიტო ქულის დაკლებას“.

ორდღიანი შეხვედრა სხვადასხვა სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების კარგ პლატფორმად იქცა. მათ შორის იყო: სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების შეგროვება და ანალიზი ადამიანური რესურსების პოლიტიკების გასაუმჯობესებლად, გენდერული თანასწორობისა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხებში სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის შესაძლებლობების ასამაღლებლად.

შეხვედრა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სტოკჰოლმის „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრის“ ორი ექსპერტის მხარდაჭერით, „ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგით“ გათვალისწინებული ვალდებულებების განმახორციელებელი პარტნიორი ქვეყნებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში.