სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმოხილვა პარლამენტში ინიცირებამდე

თარიღი:

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) დახმარებით შეხვედრა გამართა.

სავარაუდოდ, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გენდერული თანასწორობის საბჭო ნოემბერში წარადგენს
სავარაუდოდ, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს გენდერული თანასწორობის საბჭო ნოემბერში წარადგენს; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

შეხვედრა, რომელსაც პარლამენტისა და აპარატის წევრები, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ მიზნად სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას ისახავდა.

შეხვედრას პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი დიმიტრი ცქიტიშვილი უძღვებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ, სახალხო დამცველის მოადგილემ და სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა მათ მიერ მიღებულ საჩივრებში სექსუალური შევიწროების სახეებთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს მოქმედ კანონმდებლობაში სექსუალური შევიწროების შემთხვევების სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფისა და გამოძიების უფლებამოსილების თვალსაზრისით არსებულ შეზღუდვებზე.

შეხვედრაზე დამსწრეებმა საზოგადოებრივ ადგილებში შევიწროების მაგალითები და მათზე რეაგირების კუთხით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ნაკლოვანებები განიხილეს. გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ, პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ დახმარებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, სამუშაო ადგილებზე სექსუალური შევიწროების რეგულირების გაუმჯობესებასთან ერთად, საზოგადოებრივ ადგილებში სექსუალური შევიწროების საკითხსაც არეგულირებს და ადმინისტრაციულ ჯარიმებს აწესებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევის მიგნებებს ითვალისწინებს. აღნიშნული კვლევამ, რომელიც 2017 წელს საქსტატმა ევროკავშირისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური და ფინანსური დახმარებით ჩაატარა, დაადგინა, რომ ხუთიდან ერთ ქალს (20%) სექსუალური შევიწროების რომელიმე ფორმა მაინც გამოუცდია, ხოლო მათ 70%-ს სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში განუცდია. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ კვლევის ეს და სხვა მიგნებები საფუძვლად დაედება შემოთავაზებული ცვლილებების მხარდასაჭერად წარმართულ ადვოკატირებისა და ლობირების პროცესს.

საერთაშორისო ექსპერტმა სარა მაკკუბრიმ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ მოიწვია, ისაუბრა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ კონტექსტზე, რომელიც კვლევით გამოვლინდა, საერთაშორისო ვალდებულებებსა და ამ სფეროში ტერმინების განმარტებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა ის ძირითადი მიდგომები და სტრატეგიები განიხილეს, რომლებიც სექსუალური შევიწროების პრაქტიკის ნორმალიზაციის საწინააღმდეგო სოციალური ცვლილების მიღწევისკენაა მიმართული. სხვადასხვა ინიციატივასთან ერთად, აღნიშნული გულისხმობს მითების დამსხვრევას, მედიის ჩართულობის უზრუნველყოფას, სამეცნიერო კვლევასა და ეკონომიკურ ანალიზს. შეხვედრის ბევრმა მონაწილემ ხაზი სწორედ შემოთავაზებული ცვლილებების პრევენციულ მნიშნვნელობას გაუსვა.

სავარაუდოდ, გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ აღნიშნული ცვლილებები პარლამენტში 2018 წლის ნოემბერში იქნება ინიცირებული.