კონფლიქტით დაზარალებული ქალების მოსაზრებების გათვალისწინება ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში

თარიღი: ხუთშაბათი, 30 ნოემბერი, 2017 წელი

სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში იძულებით გადაადგილებულ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩატარდა.

Consultation meeting with women’s NGOs working in Imereti Region
საკონსულტაციო შეხვედრა იმერეთის რეგიონში მომუშავე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებთან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

შეხვედრების თემას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი შემდეგი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა. ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, რომელსაც მხარს გაეროს ქალთა ორგანიზაცია უჭერს, სამოქალაქო საზოგადოების, კერძოდ კი კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და დევნილი ქალებისა და გოგოების ჩართვა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

აღნიშნულ დოკუმენტში კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების საჭიროებების უკეთ ასახვის მიზნით, ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფიო ჯაფარიძემ ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ მდებარე სოფლებში - ანაკლიაში, განმუხურში, ხურჩასა და პერევში - მცხოვრებ ქალებსა და გოგოებთან საკონსულტაციო შეხვედრები ჩაატარა. უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გარდა, ქალებმა იმ ყოველდღიურ გამოწვევებზეც ისაუბრეს, რომლებიც მათ წინაშე ჯანდაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური კუთხით არსებობს. „სოფლად მცხოვრები ქალებისთვის ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემა და ქალთა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობა იმ უამრავ პრობლემას გადაჭრის, რომლებსაც ჩვენ დღეს ვებრძვით,“ - აღნიშნა სოფელ პერევის მკვიდრმა ეკა გოგატაშვილმა.

Meeting with IDP and conflict affected women in Ganmukhuri village, adjacent to the administrative boundary line
შეხვედრა დევნილ და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ განმუხურში; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ადგილობრივ ქალებთან კონსულტაციების ფარგლებში ზუგდიდსა და ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოების ორი ფორუმი ჩატარდა. ფორუმებზე კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მომუშავე ძირითად არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციები გაიმართა, რათა ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების განსახორციელებელი ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტში მათი მოსაზრებებიც ყოფილიყო გათვალისწინებული.

რეგიონებში ვიზიტის კიდევ ერთ მიზანს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების ლოკალიზაციის ადვოკატირება და მის განხორციელებაში ცენტრალურ მთავრობასა და რეგიონული თვითმმართველობის ორგანოებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესების მექანიზმებზე საუბარი წარმოადგენდა. შესაბამისად, ზუგდიდსა და საჩხერეში შეხვედრები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთანაც ჩატარდა, რათა სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და გენდერული თანასწორობის მუნიციპალურ საბჭოებთან თანამშრომლობით, მათი როლი განსაზღვრულიყო.

სოფიო ჯაფარიძის თქმით, ამ ვიზიტის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია ძალიან ფასეულია და იგი საფუძვლად იმ კონკრეტულ ქმედებებს დაედება, რომლებიც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა ახალი სამოქმედო გეგმის ფარგლებში უნდა განახორციელონ.

ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც 2018-2020 წლების პერიოდს მოიცავს, იმ პოლიტიკის დოკუმენტს წარმოადგენს, რომელიც საფუძვლად დაედება კონსოლიდირებულ და კოორდინირებულ საქმიანობას კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ასევე უსაფრთხოების სექტორში, სამშვიდობო ოპერაციების წარმოებაში, მედიაციაში, მოლაპარაკებებსა და კონფლიქტის მოგვარებაში ინსტიტუციური ცვლილებების ხელშეწყობისას გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების პრინციპების განსახორციელებლად.

მსგავსი სიახლეები

დაკავშირებული ამბები