ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო

თარიღი:

ორდღიან სამუშაო შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა, ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებით ქვეყნის მესამე, 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება დაიწყო.

Workshop participants
შეხვედრის მონაწილეები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ პროგრამების დანერგვაში ინსტიტუციონალიზაციის მეთოდებს განიხილავენ; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

ახალი სამოქმედო გეგმის პირველ ვერსიაზე სამუშაოდ შესაბამისი სამინისტროებიდან გენდერული საკითხებზე საკონტაქტო ოცდახუთი პირი შეიკრიბა. სამუშაო პროცესს საფუძვლად წინა სამოქმედო გეგმების განხორციელების შედეგად მიღებული გამოცდილება დაედო. ასევე, გათვალისწინებულ იქნა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასკვნები და რეკომენდაციები და ამჟამინდელი (2016-2017 წლების) ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის ანგარიშში მოცემული დასკვნები და რეკომენდაციები.

„ძალიან ვაფასებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს. ისინი ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებას დაედება საფუძვლად“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფიო ჯაფარიძემ, რომელიც კოორდინაციას უწევს და უძღვება ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესს.

ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის პირველი, შეჯერებულ სამუშაო ვერსია საჯარო განხილვამდე შესაბამის სამინისტროებს კიდევ ერთხელ გაეგზავნებათ. ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადებაში საბოლოო ბენეფიციარების - კონფლიქტით დაზარალებული და დევნილი ქალების, მათი ჯგუფებისა და ორგანიზაციების ფართო მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, რეგიონებში, მათ შორის გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში ქალებთან შეხვედრებს გამართავს.

პროცესის დასრულების შემდეგ ეროვნული სამოქმედო გეგმა საბოლოო დამტკიცებისთვის საქართველოს მთავრობას წარედგინება. ახალი სამოქმედო გეგმის მიღება წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

2011 წლიდან გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ქვეყნის მთავრობას სისტემატურად უწევს ტექნიკურ მხარდაჭერას. სამხრეთი კავკასიის რეგიონში საქართველო იყო ის პირველი ქვეყანა, რომელმაც 2011 წელს ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და შემდგომი რეზოლუციების განსახორციელებლად ეროვნული სამოქმედო გეგმა მიიღო.