კონფერენცია საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესისა და გამოწვევების შესახებ

თარიღი:

საქართველოს მიერ გაეროს უშიშროების საბჭოს №1325 და სხვა რეზოლუციების საფუძველზე აღებული ვალდებულებები თბილისში გამართულ კონფერენციაზე „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა - პროგრესი, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები“ განიხილეს.

Members of the interagency commission, deputy ministers, listening to the feedback from the women’s organizations
მინისტრების მოადგილეები და უწყებათაშორისი კომისიის წევრები ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს უსმენენ; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი

ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა და მას სახელმწიფო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. მონაწილეებმა ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე ისაუბრეს და მის მომდევნო ციკლში (2018-2020წლები) ასახული პრიორიტეტები განიხილეს.

მესამე ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი ინიცირებულია გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათაშორისი კომისიის მიერ, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაში მიმდინარე წლის აგვისტოში ჩამოყალიბდა. აგვისტოს შემდეგ მთავრობამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს რეკომენდაციების წარდგენა რამდენჯერმე სთხოვა და ისინი განმახორციელებელ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაზეც მიიწვია. შესაბამისად, კონფერენცია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში შეტანილი წვლილის მიმოხილვისა და დამატებითი ქმედითი წინადადებების შეთავაზების პლატფორმასაც წარმოადგენდა, რათა მომდევნო სამი წლის განმავლობაში ეროვნული სამოქმედო გეგმის მონიტორინგსა და განხორციელებაში მათი მონაწილეობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

კონფერენცია გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ და პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ გახსნეს. სოფო ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებაში მიღწეული პროგრესისა და ხარვეზების შესახებ მოახსენა.

დისკუსიებში მონაწილეობდნენ მაღალი დონის გადაწყვეტილებების მიმღები პირები - შესაბამისი მინისტრების (თავდაცვის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის) მოადგილეები, რომლებიც ამავდროულად უწყებათაშორისი კომისიის წევრებიც არიან. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მზადყოფნა, რომ ხელი შეუწყონ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხების დღის წესრიგის განხორციელებას.

კონფერენციაზე საგანგებო სესია ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე რეზოლუციების განსახორციელებელი 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგებს დაეთმო, რომლებიც სახალხო დამცველის აპარატმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობამ“ წარადგინეს. მონიტორინგისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად წარდგენილი რეკომენდაციები მოიცავდა: ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციას, ადგილობრივ დონეებზე გადაწყვეტილებათა მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესებში კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და გოგოების ჩასართავად პლატფორმების შექმნას, საჭიროებებზე დაფუძნებული მიზნობრივი პროგრამების შემუშავებას, კომუნიკაციის გაუმჯობესებას, რეგიონულ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თანამშრომლობის გაზრდას. სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებში პრიორიტეტული ადგილი ეროვნული სამოქმედო გეგმის ბიუჯეტის შედგენას დაეთმო.

კონფერენცია 2018-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტის ძირითადი მიმართულებების, მიზნებისა და აქტივობების წარდგენითა და განხილვით დასრულდა.

სოფო ჯაფარიძის თქმით, კონფერენციაზე მიღებული ინფორმაცია ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში იქნება გათვალისწინებული. ამასთან, შემდგომი შენიშვნებისა და წინადადებების წარმოსადგენად, მას საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მუნიციპალიტეტებსა და ფართო საზოგადოებასაც გაუზიარებენ. ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმის მიღება 2018 წლის დასაწყისში მთავრობის დადგენილებით უნდა მოხდეს.