ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია ქალებისა და გოგოების გაძლიერებისთვის
თარიღი:
ქართული ენა სქესს არ ასხვავებს, რატომ ასხვავებ შენ? - ეს არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ახალი სოციალური კამპანიის მთავარი გზავნილი, რომელიც გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და სპორტის დახმარებით ქალთა გაძლიერებას ეძღვნება.
ქალებს სპორტში არანაკლები მიღწევები აქვთ, თუმცა როდესაც საუბარი ძლიერ, სწრაფ და შეუპოვარ სპორტსმენზე იწყება, ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ის კაცია. გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანია სწორედ ამ სტერეოტიპს ამსხვრევს და აჩვენებს, რომ ქალებისა და კაცების შესაძლებლობები სპორტში თანაბარია, წარმატების მიღწევასა და გამაჯვებისთვის ბრძოლაში კი სქესს მნიშვნელობა არ აქვს.
სოციალური კამპანიის იდეის ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ქართულ ენაში გრამატიკული სქესი არ არსებობს. აქედან გაჩნდა მთავარი შეტყობინებაც, რომელიც თანასწორობისკენაა მიმართული. პროექტი სარეკლამო სააგენტო McCann Tbilisi-სთან პარტნიორობით შეიქმნა. ვიდეორგოლებსა და პოსტერებში, რომლებიც კამპანიის ფარგლებში მომზადდა, სხვადასხვა სახეობის წარმომადგენელი ქალი და კაცი სპორტსმენები მონაწილეობენ და თანასწორობის იდეის გარშემო ერთიანდებიან.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია სოციალურ კამპანიას საქართველოს სპორტისა და ახალაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. როგორც სამინისტროს კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსი ვასილ ლიპარტელიანი ამბობს, უწყებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაზრდა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
„გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობა და ეს კამპანია ჩვენთვის კარგი შესაძლებლობაა, რათა ფართო საზოგადოებას, თითოეულ ოჯახს მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ არ არის გასაკვირი, თუ გოგო სპორტის რომელიმე სტერეოტიპულად „კაცურ“, მაგალითად ძალისმიერ სახეობას ირჩევს. მიდგომა, რომლის მიხედვითაც სპორტი გოგოებისა და ბიჭების სახეობებად იყოფა, უნდა შეიცვალოს. გოგოების სპორტში ჩართულობა კონკრეტულად მათი გადაწყვეტილებაა და საზოგადოების განსჯის საგანი არ უნდა ხდებოდეს“, - აღნიშნავს ვასილ ლიპარტელიანი.
დღესდღეობით საქართველოში სპორტის ყველა სახეობაში ქალებსა და გოგოებს მონაწილეობის თანაბარი უფლება აქვთ. ზოგიერთ სახეობაში, მაგალითად ჭადრაკში, ფარიკაობაში, მშვილდოსნობაში და ა.შ. ქართველი ქალები მსოფლიო ასპარეზზეც დიდ წარმატებებს აღწევენ, თუმცა ქართულ სპორტში ქალებისა და გოგოების ჩართულობის მაჩვენებელი მხოლოდ 10%-ია. ამის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ის გავრცელებული სტერეოტიპებია, რომლებიც სპორტს ქალურ და კაცურ სახეობებად ჰყოფს. გოგოებს კონკრეტული სახეობის არჩევის თუ შემდგომი წარმატების მიღწევის გზაზე ხშირად ოჯახებსა და საზოგადოებაში არსებული წარმოდგენები და ბარიერები ეღობებათ.
დამოკიდებულება „გოგოს რა უნდა რაგბიში“ კამპანიის ერთ-ერთ მონაწილესა და ახალგაზრდა მორაგბე ნინო მიქაძეს საკუთარ თავზე არაერთხელ განუცდია. ნინო 16 წლისაა, სამეგრელოს რეგიონში, სოფელ დარჩელში ცხოვრობს და თანაგუნდელ გოგოებთან ერთად სწორედ სპორტის იმ სახეობაში ხედავს საკუთარ წარმატებას, რომელსაც საქართველოში ბევრი ადამიანი ქალებისთვის „შეუფერებლად“ მიიჩნევს.
„როცა რაგბის თამაში დავიწყე, უამრავი წინააღმდეგობა შემხვდა. ბევრმა არც იცოდა, გოგოების რაგბი თუ არსებობდა. მეუბნებოდნენ, გოგოებმა რაგბი როგორ უნდა ითამაშოთო, ეს გოგოს საქმე არ არისო, გოგო ხომ ნაზი უნდა იყოსო. ამ დამოკიდებულებასთან გამკლავება მე და ჩემს თანაგუნდელებს ახლაც გვიწევს. არადა, სპორტში ყველას შეუძლია წარმატებული იყოს: გოგოსაც და ბიჭსაც“, - ამბობს ნინო, რომელიც კამპანიის ფარგლებში გადაღებულ ვიდეორგოლში სწორედ საკუთარ ამბავს ჰყვება.
გაეროს ქალთა ორგანიზაციას სპორტის სფეროსთან ხანგრძლივი პარტნიორობა აკავშირებს. უკვე ბევრი წელია სპორტის სხვადასხვა სახეობა ორგანიზაციისთვის საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში კომუნიკაციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. აღსანიშნავია, ქართველი სპორტსმენების ჩართულობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში და მხარდაჭერა, რომელსაც ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობა HeForShe-ს მიმართ გამოხატავენ.
სპორტის დახმარებით გოგოების გაძლიერებისა და სხვადასხვა სახეობაში მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პარტნიორობა მომავალშიც გაგრძელდება. კამპანია კი გაფართოვდება და სპორტთან ერთად სხვა სფეროებსაც მოიცავს.