ქართველი ჟურნალისტები სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების სპეციფიკას გაეცნენ

თარიღი:

რა როლის შესრულება შეუძლია მასმედიას სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების პრევენციაში? - ამ თემაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა ადგილობრივი ჟურნალისტებისთვის სპეციალური სემინარი გამართა.

ჟურნალისტები სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ფორმებს ეცნობიან; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სემინარს ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონლაინ მედიასაშუალების 12 წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეები ძირითადად გენდერისა და ქალთა უფლებების საკითხებს აშუქებენ, თუმცა სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილას ქართული რეალობისთვის შედარებით ახალი და ტაბუდადებული თემატიკაა, ამიტომ გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გადაწყვიტა მედიისთვის პრობლემის არსი, გამოწვევები და საქართველოში არსებული ვითარება უკეთ გაეცნო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის პროგრამის სპეციალისტი თამარ საბედაშვილი და პროგრამის ანალიტიკოსი ანა ფაშალიშვილი ჟურნალისტებს სექსუალური შევიწროების ფორმებზე, ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობაზე, პრევენციასა და რეაგირებაზე ესაუბრნენ, ის მითები და რეალობა გააცნეს, რომლებიც პრობლემის ირგვლივ არსებობს. ამას გარდა, მათ მედიის წარმომადგენლებს ელექტრონული კურსი „სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების აღმოფხვრაც“ წარუდგინეს.

„შეხვედრა ინფორმაციული და საინტერესო აღმოჩნდა. განსაკუთრებით კი ის ნაწილი, როდესაც შევიწროების ფორმები და კონკრეტული მაგალითები მიმოვიხილეთ. ალბათ, მათში ყველა მონაწილემ ნაცნობი სიტუაცია ან თუნდაც საკუთარი თავი ამოიცნო. ვფიქრობ, მედია ამ თემის გაშუქებისას განსაკუთრებით აქტიური უნდა იყოს, რადგან შესაძლოა ქალები რაიმე ფორმით შევიწროვებას სამსახურში ყოველდღიურად განიცდიდნენ, ისტრესებოდნენ ამის გამო და არც კი იცოდნენ, რომ სექსუალური შევიწროების მსხვერპლები არიან“,- განაცხადა სემინარის ერთ-ერთმა მონაწილემ ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტმა ქეთი ბრაჭულმა.

სემინარს საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძეც ესწრებოდა. მედიის წარმომადგენლებს მან სექსუალური შევიწროების თემაზე ომბუდსმენისთვის მიმართვიანობის კუთხით არსებული ვითარება და აპარატში არსებული პრაქტიკა წარუდგინა. შეხვედრის ბოლოს კი ჟურნალისტებმა სექსუალური შევიწროების გაშუქების სპეციფიკასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

„მიუხედავად იმისა, რომ რადიო თავისუფლება გენდერულ საკითხებს აქტიურად აშუქებს, თემის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალების ერთობლივი და კონსოლიდირებული მიდგომა ძალიან მნიშნველოვანია. მით უმეტეს, როცა საუბარია ისეთ დახურულ და ტაბუდადებულ საკითხზე, როგორიც სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროებაა. მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლიანი მედიის თანმიმდევრული და მიზანმიმართული მუშაობის გარეშე ცნობიერების შეცვლა ვერ მოხდება. ამ თვალსაზრისით სემინარმა მართლაც ბევრი რამ მოგვცა: გამოიკვეთა საკითხები, საიდანაც მედიამ შეიძლება თემის წამოწევა დაიწყოს“, - აღნიშნა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა ნინო ხარაძემ.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისმა სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების თემაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო. საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით საჯარო მოხელეებისთვის ელექტრონული კურსი „სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა“ შეიქმნა, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი.