ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაცია გაიმართა

თარიღი:

პრემიერმინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფიო ჯაფარიძე ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. შეხვედრაზე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების პროგრესი განიხილეს.

ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებასთან დაკავშირებული ეროვნული სამოქმედო გეგმის მთავარ გამოწვევებზე მსჯელობენ; ფოტო: ქალთა საინფორმაციო ცენტრი
აღნიშნული საკონსულტაციო შეხვედრები მიზნად 2018-2020 წლების ახალ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში გასათვალისწინებელი სფეროების იდენტიფიცირებასაც ისახავს. შეხვედრას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით თბილისში გაიმართა, სამოქალაქო საზოგადოების, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დაესწრნენ.

შეხვედრაზე წარადგინეს და განიხილეს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების იმ შუალედური შეფასების წინასწარი დასკვნები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ ჩატარდა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მონიტორინგის შედეგები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართ პასუხისმგებლობის გაზრდაა სასურველი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ახლად ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი კომისიის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია. კომისია გენდერული თანასწორობის სფეროში სამოქმედო გეგმების, მათ შორის ამ კონკრეტული ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელების კოორდინირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება იქნება. მასში ერთანდებიან მინისტრების მოადგილეები და კონკრეტულ თემატურ სფეროებში სამინისტროების წარმომადგენელი ექსპერტები. კომისიის ფარგლებში დაგეგმილია საკონსულტაციო ჯგუფის შექმნაც, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები გაერთიანდებიან.

სოფო ჯაფარიძის თქმით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებისა და პრიორიტეტების საფუძველზე შემუშავდება და ამ პროცესში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ამჟამინდელი სამოქმედო გეგმის განხორციელების შედეგები და განხორციელებისას მიღებული გამოცდილება იქნება გათვალისწინებული. გაეროს ქალთა ორგანიზაცია სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესს ტექნიკურ დახმარებას გაუწევს და ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და ქალთა ჯგუფების ინფორმირებულ მონაწილეობას უზრუნველყოფს.