სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის ვალდებულებას მაღალ დონეზე იღებენ

თარიღი:

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის მიზნით შექმნილი ინოვაციური ელექტრონული კურსი წარადგინა, რომელიც ევროკავშირის თანადაფინანსებით შემუშავდა.

პრეზენტაციის ერთ-ერთი მონაწილე სექსუალური შევიწროების შესახებ მასალას ეცნობა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
პრეზენტაციაზე მთავრობის, პარლამენტის, საჯარო უწყებებისა და კერძო სექეტორის წარმომადგენლებმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ პრევენციული ზომების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და აღნიშნეს, რომ ისინი ელექტრონული კურსის პოპულარიზაციას მხარს დაუჭერენ.

ევროკავშირში სექსუალური შევიწროება ყოველ მეორე ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც აქვს განცდილი. მართალია ეროვნული მონაცემები არ არსებობს, თუმცა ცალკეული შემთხვევების შედეგად დაგროვილი მტკიცებულება მიუთითებს, რომ სექსუალური შევიწროება საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული (ევროკავშირის ფუნდამენტური უფლებების დაცვის სააგენტო, ქალთა მიმართ ძალადობა: ევროკავშირის კვლევა, 2014). ელექტრონული კურსი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შემუშავდა და მისი მიზანი სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მისი პრევენციის პოპულარიზაციაა. კურსის დანერგვა საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროსა და სახალხო დამცველის ხელშეწყობით დაიწყო. თავდაპირველად იგი საჯარო მოხელეებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ინიციატივას კერძო სატელეკომუნიკაციო კომპანია „ჯეოსელიც“ შეუერთდა და ორგანიზაციაში კურსის დანერგვის სურვილი გამოთქვა, რამაც შესაძლოა, კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლებსაც ანალოგიური გადაწყვეტილების სტიმული მისცეს.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ კურსი ერთ-ერთმა პირველმა გაიარა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც კურსი გაიარა. „სექსუალური შევიწროების პრევენცია სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის ნაწილია. ჩვენ ამაყად ვაცხადებთ, რომ ელექტრონული კურსი მთელი პერსონალისთვის სავალდებულო გავხადეთ და იგი 90%-ზე მეტმა თანამშრომელმა, ჩემი ჩათვლით, უკვე გაიარა“,-აღნიშნა გრიგოლ გიორგაძემ.

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მონაწილეებს იმ მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ესაუბრა, რომელთა მიზანი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან (სტამბოლის კონვენცია) საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზებაა და რომელშიც სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით განმარტება და რეაგირების მექანიზმებიც შედის. გუგული მაღრაძემ ასევე განაცხადა, რომ ხელს შეუწყობს სექსუალური შევიწროების შესახებ ელექტრონული კურსის პარლამენტის წევრებს შორის პოპულარიზაციას.

პრეზენტაციაზე ნაჩვენები იყო ვიდეორგოლი სექსუალური შევიწროების შესახებ, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივით მომზადდა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
პრემიერ-მინისტრის თანაშემწემ ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძემ კურსის დანერგვისკენ ყველა სამინისტროს მოუწოდა: „სექსუალური შევიწროების პრევენცია უმნიშვნელოვანესია მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, რაც ეროვნულ დონეზე საქართველოს ვალდებულებას წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით მე-5 მიზანს შეეხება, რომელიც ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრას გულისხმობს“,-აღნიშნა მან.

სექსუალური შევიწროების პრევენციის კურსმა საბოლოო სახე პროექტის „იძულებით გადაადგილებული პირების თანაბარი ხელმისაწვდომობა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე“ ფარგლებში მიიღო, რომელსაც გაეროს ქალთა ორგანიზაცია და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ.

კურსი ხელმისაწვდომია ბმულზე: sexualharassment.ombudsman.ge