სექსუალური შევიწროება - სახალხო დამცველის ოფისი საკუთარ პოზიციას გამოხატავს

თარიღი:

საქართველოს სახალხო დამცველი 2015 წლის სპეციალურ ანგარიშში „ქალთა უფლებრივი მდგომარეობა და გენდერული თანასწორობა“ აღნიშნავს, რომ სექსუალური შევიწროება დასაქმების ადგილზე უფლებადარღვევის ყველაზე გავრცელებულ და დაფარულ პრობლემას წარმოადგენს.

სახალხო დამცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/მაკა გოგალაძე
სრულყოფილი ეროვნული მონაცემები სექსუალური შევიწროების შესახებ არ არსებობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყოველი მეორე ქალი სექსუალური შევიწროების მსხვერპლი ერთხელ მაინც ყოფილა. ამავდროულად, 32% აღნიშნავს, რომ შევიწროების ჩამდენი მისი კოლეგა, ზემდგომი ან კლიენტი იყო. (ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო, 2015). პრობლემის მასშტაბიდან გამომდინარე, საქართველოში სექსუალური შევიწროება ტაბუდადებულ თემად მიიჩნევა და ბევრმა ადამიანმა, რომელსაც ის განუცდია, არ იცის, რომ სექსუალური შევიწროება ძალადობისა და დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმაა. როგორ შეიძლება სექსუალური შევიწროების პრევენცია და რა უნდა გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თავს სექსუალური შევიწროების მსხვერპლებად მიიჩნევენ - ამ თემებზე გაეროს ქალთა ორგანიზაცია სახალხო დამცველის მოადგილეს ეკატერინე სხილაძეს ესაუბრა.

რა საკანონმდებლო და სამართლებრივი დაცვის მექანიზმები არსებობს ქვეყანაში სექსუალური შევიწროების მსხვერპლებისთვის და როგორ შეიძლება მათი გაძლიერება?

ამჟამად სახალხო დამცველის ოფისი სექსუალური შევიწროების შემთხვევებს როგორც დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას განიხილავს. მიუხედავად ამისა, ჩვენი რეკომენდაცია შრომითი ურთიერთობების დამრეგულირებელ კანონში შევიწროების დეფინიციის ნათლად ჩამოყალიბებაა, რადგან არსებულ კანონმდებლობას მართლაც აქვს ხარვეზები.

კანონმდებლობის გაძლიერებასა და იმპლემენტაციას სექსუალური შევიწროების პრობლემაზე რეაგირების კუთხით არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამავდროულად, მას პრევენციული ეფექტიც შეიძლება ჰქონდეს. სექსუალური შევიწროების ნათელი საკანონმდებლო რეგულირებით სახელმწიფო სექსუალური შევიწროების პრობლემის არსებობასა და მიუღებლობას აჩვენებს. კანონდებლობასთან ერთად გადამწყვეტი მნიშვენლობას აქვს სექსუალური შევიწროების პრევნეციას სამუშაო ადგილზე და მასზე რეაგირების მექანიზმების გაძლიერებას თავად ორგანიზაციებშიც.

რატომ არის მნიშვნელოვანი გასაჩივრების შიდა მექანიზმების არსებობა და რა პოზიტიური როლის შესრულება შეუძლიათ ამ მექანიზმებს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების პრევენციის კუთხით?

იმ ქვეყნების პრაქტიკამ, რომლებშიც სექსუალური შევიწროების პრევენცია წარმატებით განახორციელდა, აჩვენა, რომ დამსაქმებლების მიერ მსგავსი მექანიზმების შემოღება გაცილებით უფრო ეფექტური და დაბალბიუჯეტიანია, ვიდრე საკანონმდებლო აქტივობები. ყველა კერძო თუ საჯარო დამსაქმებელმა ნათლად უნდა განაცხადოს, რომ სექსუალური შევიწროება მათი მხრიდან შეწყნარებული არ იქნება, არა მარტო იმიტომ, რომ ის დისკრიმინაციაა. სექსუალური შევიწროება, ამავდროულად, პროდუქტიულობის შემცირებასა და თანამშრომელთა დემორალიზებას იწვევს. ამასთან, სექსუალური შევიწროებისგან თავისუფალი სამუშაო გარემო აჩვენებს, რომ დამსაქმებელი თანამშრომლებზე ზრუნავს, რაც დადებითაც აისახება შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, გარემოსა და მთლიანად ორგანიზაციის საზოგადო იმიჯზე.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სექსუალური შევიწროება თანამშრომელთა გადამზადების ნაწილი გახდეს და ეს თემა სემინარებისა თუ შეხვედრების, შიდა რეგულაციების თვალსაჩინების დახმარებით მუდმივად იყოს აქტუალური. ამავდროულად, ყველა ის შემთხვევა, რომელზეც ეფექტური რეაგირება იქნება, მომდევნო ამგვარი შემთხვევის პრევენციაა.

ამჟამად რა შეიძლება გააკეთონ იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროების მსხვეპრლები არიან?

სავარაუდო მსხვერპლებს შეუძლიათ მიმართონ სახალხო დამცველს. არ აქვს მნიშვნელობა კერძო სექტორში მუშაობენ ისინი, თუ საჯაროში. ჩვენ დავადგენთ, ჰქონდა თუ არა ადგილი დისკრიმინაციის ფაქტს და, დადასტურების შემთხვევაში, დამსაქმებელს რეკომენდაციას მივცემთ. ამას გარდა, თუ მსხვერპლი სასამართლოსთვის მიმართვას გადაწყვეტს, ჩვენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრების წარდგენაც შეგვიძლია, რაც უფრო მეტად გააძლიერებს საკითხის აქტუალობას. ცხადია, თუ დასაქმების ადგილზე შიდა რეაგირების მექანიზმი არსებობს, მსხვერპლს ამ მექანიზმისთვის მიმართვაც შეუძლია.

რამდენად ხშირად მოგმართავენ სექსუალური შევიწროების შემთხვევების შესახებ სახალხო დამცველი აპარატს და ახლა თუ განიხილავთ მსგავს შემთხვევას?

სამწუხაროდ, იმ ქალების რიცხვი, ვინც ამ თემაზე თუნდაც ჩვენთან თავისუფლად და ღიად საუბრობს, ძალიან ცოტაა. მეორე მხრივ, როცა გამოკითხვა ჩავატარეთ და დასაქმებულებს ფოკუსჯგუფებში ვხვდებოდით, აღმოჩნდა, რომ ყველა დასაქმებული ქალი საუბრობდა რაღაც ტიპის სექსუალურ შევიწროებაზე, რომელიც მას პრაქტიკაში ჰქონდა განცდილი. იმ ფაქტს, რომ სექსუალური შევიწროება დისკრიმინაცია და ძალადობის ფორმაა, დასაქმებულები ნაკლებად აცნობიერებენ, ხოლო ისინი, რომლებიც მოვლენის არსს აცნობიერებენ, მასზე არ საუბრობენ: შიშობენ, რომ თანამშრომლები გაკიცხავენ, ან ოჯახი მომხდარში მათვე დაადანაშაულებს, სამსახურს დაკარგავენ და ა.შ. ბევრი ფაქტორია, რის გამოც ქალები სექსუალური შევიწროების შესახებ დუმილს არჩევენ.

ვფიქრობ, პრობლემასთან ბრძოლის პირველი იარაღი ცნობიერების ამაღლებაა. ასევე, მნიშვნელოვანია მის შესახებ ღიად საუბარი, საჩივრების მექანიზმების შექმნით ანგარიშგების მხარდაჭერა, იმ მსხვერპლების არგაკიცხვა, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა ჰყვებიან. ამას გარდა, უდიდესი როლი აქვს თანამშრომლების სოლიდარობას: კოლეგებს შეუძლიათ მსხვერპლს სასარგებლო ინფორმაცია მიაწოდონ, მხარდაჭერა აღუთქვან და პრობლემის გადაჭრაში საკუთარი როლი შეასრულონ.