ღია კარის დღე ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე

თარიღი:

2016 წლის 21 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან და გაეროს განვითარების პროგრამასთან პარტნიორობით, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე ღია კარის დღე გამართა.

ერთობლივი დისკუსია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებზე; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
ღონისძიება თბილისში ჩატარდა და მას ქალთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტით დაზარალებული ქალები, ასევე, გაეროს სისტემის მაღალი რანგის ის პირები ესწრებოდნენ, რომლებიც საქართველოში ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის განხორციელებაში მონაწილეობენ.

„ღია კარის დღეები გაეროს სისტემას შესაძლებლობას აძლევს, მეტი ინფორმაცია მიიღოს, თუ რა სახით შეუძლია უფრო ეფექტიანად დაეხმაროს ქალთა ორგანიზაციებს კონფლიქტების პრევენციისკენ, მშვიდობის დამყარებისა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრებისკენ მიმართულ ძალისხმევაში. ფურმის მიზანია სიცოცხლე შთავბეროთ ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს“, - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში საქართველოში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ნილს სკოტმა.

დევნილ ქალთა ასოციაცია „თანხმობის“ წევრმა მარინა ფოჩხუამ ის მიგნებები შეაჯამა, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განმახორციელებელ, 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულებას უკავშირდება. ეს მიგნებები რიგითი ქალების, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, გამყოფი ხაზების გასწვრივ განლაგებულ სოფლებში მცხოვრები ქალების ინტერესების წარმომადგენელმა რამდენიმე ორგანიზაციამ ერთობლივად მოამზადა. მარინა ფოჩხუამ მადლობა გადაუხადა მთავრობას ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის მიმართ არსებული მიდგომებისთვის, თუმცა ასევე აღნიშნა ნაკლოვანებები და პრობლემური სფეროები, მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის განმახორციელებელი 2016-2017 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად საბიუჯეტო სახსრების ნაკლებობა და ამ ვალდებულებების ლოკალურ დონეზე შესრულებაში ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გაზრდის საჭიროება. მან გაეროს სისტემას მოუწოდა, ადვოკატირება გაუწიოს ქალთა კანონიერ საჭიროებას - მნიშვნელოვანი მონაწილეობა მიიღონ კონფლიქტის პრევენციასა და გადაწყვეტილებათა მიღებაში. მოწოდება ასევე შეეხებოდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის, მათ შორის ახალგაზრდებისთვის, მეტი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას.

„საქართველოში გაეროს სისტემა ამ რეკომენდაციებს სერიოზულად ეკიდება. ჩვენ წარმოვადგინეთ ერთობლივი ანგარიში იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც გაერო 2015 წლის ღია კარის დღეზე გაჟღერებული რეკომენდაციების მიმართ ახორციელებს და მომავალ წელსაც იგივეს გავაკეთებთ, თუმცა ჩვენი მხრიდან დახმარება არ შემოიფარგლება წელიწადში ერთხელ გამართული დიალოგით. ჩვენი მუშაობა გადაწყვეტილებათა მიღების პროცესებში, მშვიდობის დამყარებისკენ მიმართულ საქმიანობასა და (ადამიანების) უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ქალთა მონაწილეობის გაზრდის მიმართულებით გრძელდება. ფაქტები ცხადყოფს, რომ ქალების ჩართვის შემთხვევაში, მშვიდობა უფრო ხანგრძლივი დროით მყარდება და უსაფრთხოება ყველა ადამიანისთვის იზრდება. ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, არ ვაღიაროთ და ბოლომდე არ გამოვიყენოთ ქალთა წვლილი სტაბილურობასა და მშვიდობაში“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისთან, გაეროს განვითარების პროგრამასა და პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობით, ღია კარის დღეებს საქართველოში 2014 წლიდან მართავს. ღია კარის დღეების ჩატარების გლობალური ტრადიცია სათავეს 2010 წლიდან იღებს, როდესაც გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მე-10 წლისთავის აღსანიშნავად სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტმა, გაეროს განვითარების პროგრამამ და UNifem-მა (ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაცია) გაეროს მისიების უმაღლეს ხელმძღვანელობასა და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალთა ეროვნულ თუ ადგილობრივ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს შორის რეგულარული კონსულტაციების ხელშესაწყობისთვის ერთობლივი პროექტი წამოიწყეს.