გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის დიალოგს

თარიღი:

2016 წლის 7 ივლისს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სამეგრელოს რეგიონის კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებსა და ამჟამად რეგიონში მოქმედი პროგრამების შესახებ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენდა ის ფაქტი, რომ მას წინ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის მექანიზმის აღდგენა უძღოდა და ეს სამოქალაქო სექტორთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების გალის მექანიზმის მონაწილეების პირველი შეხვედრა იყო.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებზე შეხვედრა გაიმართა; ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია 
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მას გალში მცხოვრები პირებიც ესწრებოდნენ.

ამგვარი შეხვედრებით, რომლებიც შიდა ქართლის რეგიონთან დაკავშირებითაც სისტემატურად იმართება, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს მიმდინარე პროცესებში ქალების აქტიურ ჩართვას, ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებებს შორის დიალოგის მექანიზმის შექმნას. როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ განაცხადა, „შეხვედრა ეხმარება მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის გაცვლასა და პრობლემების მოგვარებაში ქალების გააქტიურებას, მეტ თანამშრომლობასა და კომუნიკაციას არასამთავრობო სექტორსა და სამთავრობო უწყებებს შორის, რაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ინტერესებშიც შედის“.

შეხვედრა განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შერიგების სამინისტროს ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325 - ზე (ადამიანის უფლებათა) ახალი სამოქმედო გეგმის განხორციელებას ემსახურება.