ახალი ცხოვრება ძალადობის გარეშე

თარიღი:

29 წლის მარიამი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ერთ-ერთ თავშესაფარში 8 წლის გოგონასთან ერთად უკვე 6 თვეა ცხოვრობს. მოძალადე ქმართან 5 წელი დაჰყო. იმის გამო, რომ სიძე თავიდანვე არ მოსწონდა, მარიამის დედა მსხვერპლ შვილს უკან არ იღებდა, სხვა წასასვლელი კი მას არსად ჰქონდა. თავშესაფრის არსებობის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკისგან შეიტყო და გადაწყვეტილებაც მალევე მიიღო: სოცმუშაკის დახმარებით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიცირების საბჭოში განაცხადი წარადგინა, მსხვერპლის სტატუსის მინიჭების შემდეგ კი საცხოვრებლად შვილთან ერთად ერთ-ერთ სახელმწიფო თავშესაფარში გადავიდა.

ერთ-ერთ თავშესაფარში მცხოვრები ბავშვის ნახატი; ფოტო: სოფო დათუაშვილი
„როცა პირველად კიბეზე ამოვდიოდი, ფეხს ვითრევდი. ვღელავდი, არ ვიცოდი, სად მოვდიოდი, როგორი ცხოვრება გველოდა მე და ჩემს შვილს, მაგრამ მალე თავი ისე ვიგრძენი, როგორც ოჯახში. ადრე სახლიდან თითქმის ვერ გავდიოდი, ქმარი ყველა ნაბიჯს მიკონტროლებდა, ახლა კი აღარავინ არაფერში მზღუდავს, ყველა გადაწყვეტილებას თავად ვიღებ. მთავარი, რაც აქ ყოფნამ მომცა, თავისუფლება და ნდობაა. დამანახა, რომ ფეხზე დადგომის დროა და ამას შევძლებ. თავშესაფარი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, მე და ბავშვი ისევ იქ, ძალადობაში ვიცხოვრებდით“,-ჰყვება მარიამი.

მარიამის მსგავსად საქართველოში ოჯახში ძალადობაზე ხმამაღლა სულ უფრო მეტი ქალი საუბრობს, ამ პრობლემასთან გამკლავებასა და გამოსავლის მოძებნას ცდილობს. ამავდროულად, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებისა და მიდგომები სცვლილებების შედეგად, იზრდება იმ ადამიანების რაოდენობაც, ვინცთავშესაფრებით სარგებლობს. 2015 წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული თავშესაფრებით 155-მა ქალმა და ბავშვმა ისარგებლა, 2014 წელს - 114-მა, 2013 წელს - 100-მა. 2016 წლის აპრილის მდგომარეობით კი, თავშესაფრებმა 43 მსხვერპლი მიიღო. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ყველაზე ხშირად მომსახურებით 24–დან 34 წლამდე პირები(75%) სარგებლობენ.

საქართველოში ამჟამად ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის 4 თავშესაფარი მოქმედებს: თბილისში, გორში(შიდა ქართლის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), ქუთაისში(იმერეთის რეგიონი, დასავლეთ საქართველო) და სიღნაღში(კახეთის რეგიონი, აღმოსავლეთ საქართველო), რომელიც აპრილის დასაწყისში გაიხსნა. ოთხივე მათგანი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისთვის გაწეული დახმარების შედეგად, შვედეთის მთავრობისგან მიღებული დაფინანსებით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში დაარსდა. დღეს ისინი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. თავშესაფრებისა და მათი სერვისების ადმინისტრირებას სახელმწიფო ფონდი ახორციელებს.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრები უსაფრთხო და კეთილმოწყობილია. ყველა მათგანში ბავშვთათვის აუცილებელი პირობებია შექმნილი. თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, იურიდიულ და სოციალურ დახმარებას იღებენ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის პროფესიული ტრენინგები და გადამზადების კურსები, რომლებსაც ისინი იღებენ. საქმე იმაშია, რომ ხშირად ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო სამსახური ან შესაბამისი განათლება არ აქვთ, ამიტომ თავშესაფრების პრიორიტეტს ის რეაბილიტაციის სერვისები წარმოადგენს, რომლებიც მსხვერპლთა პროფესიულ გადამზადებას, შესაბამისი უნარებით აღჭურვასა და დასაქმებას გულისხმობს. ყველა ბენეფიციარს ინდივიდუალურად უდგებიან.

როდესაც მარიამს პროფესიის დაუფლება შესთავაზეს, მან მანიკურის შესწავლა აირჩია. შესაბამის კურსებს სწორედ ახლა ამთავრებს. სილამაზის სალონს თავშესაფრის პარტნიორმა პროფესიული გადამზადების ცენტრმა დააკავშირა. გოგონა სკოლაში დაჰყავს და როცა კურსებზეა, სკოლიდან გამოყვანაში თავშესაფრის თანამშრომლები ეხმარებიან. სწავლის დასრულების შემდეგ მარიამი სამუშაოდ იმავე სალონში დარჩება.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლების რეაბილიტაცია-რეინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, თბილისის თავშესაფარში საპილოტე სოციალური პროექტიც დაიწყო. პროექტი არტთერაპიის კურსს ითვალისწინებს, რომელიც ბენეფიციარებს ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციაში ეხმარება და ამავდროულად სხვადასხვა ხელობას - კერვას, ქარგვას, ქსოვას, თიხაზე მუშაობას, მინანქარზე მუშაობას, სამკაულების დამზადებას და ა.შ. ასწავლის. პროექტში ყველა ბენეფიციარია ჩართული და სამომავლოდ ის სხვა თავშესაფრებშიც დაინერგება.

თუმცა თავშესაფრების ტერიტორიული დაფარვის არეალისა და სხვადასხვა მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით სამუშაო კვლავაც ბევრია. სახელმწიფო ფონდი მუდმივ რეჟიმში ცდილობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის განკუთვნილი სერვისები მეტად მოქნილი და ადვილად ხელმისაწვდომი გახადოს. ზაფხულში კრიზისული ცენტრის გახსნაც იგეგმება, რომელიც სავარაუდო მსხვერპლებს სტატუსის განსაზღვრამდე საცხოვრებლით უზრუნველყოფს. 2016 წელს დაგეგმილია სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის სპეციალიზებული სერვისების განვითარებაც, 2017 წლიდან კი მათი შეთავაზებაც დაიწყება.

საქართველომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციას (სტამბოლის კონვენცია) ხელი 2014 წელს მოაწერა. კონვენციის რატიფიცირება უახლოეს მომავალში იგეგმება. ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის მაღალი ხარისხის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ასეთი სამართლებრივი ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილია. ასევე, 2015 წლის 27 სექტემბერს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებამოსილების გაზრდის საკითხებზე ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც მსოფლიო ლიდერებმა ვალდებულება აიღეს, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია 2030 წლამდე აღმოფხვრან და ქვეყნების დონეზე განსახორციელებელი კონკრეტულად გეგმებიც წარადგინეს, საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქალთა და გოგონათა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო ქალთა უფლებებისა და ქალთა და მამაკაცთა შორის თანასწორობის პრინციპების დაცვას ერთგულად ემსახურება და მომავალშიც უპასუხებს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა გააგრძელებს გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ქალთა, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეზოლუციის ეროვნული სამოქმედო გეგმების განახლებას, გადახალისებასა და მათი შემდგომი ფაზების შემუშავებას.

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებენ თავშესაფრებიდან გასული ქალებიც. ხშირად ისინი სხვა მსხვერპლებს ეხმარებიან, აკვალიანებენ, ასწავლიან თუ როგორ მოიქცნენ და გაუმკლავდნენ ძალადობას. ისინი ახალ ცხოვრებას იწყებენ, მაგრამ წარსულთან ურთიერთობას არ წყვეტენ: ზოგჯერ თავშესაფრები იურიდიული თუ ფსიქოლოგიური სერვისებით ეხმარებიან, ზოგჯერ კი მათ სტუმრის სტატუსით, სხვადასხვა ღონისძიებაზე მასპინძლობენ. ქალებს ერთი საინტერესო ტრადიციაც აქვთ: რეაბილიტირებული მსხვერპლები, რომლებმაც ძალადობა დაამარცხეს და ახალი ცხოვრება დაიწყეს, თავშესაფარში მცხოვრებ ქალებს ხვდებიან და ესაუბრებიან. ეს ერთგვარი სტიმულის მიმცემი ჟესტია, რომელიც თავშესაფარში მყოფ მსხვერპლებს აჩვენებს, რომ მათაც შეუძლიათ იგივეს გამეორება.

მარიამიც მალე ამ ტრადიციის გამგრძელებელი გახდება. მუშაობის დაწყების შემდეგ 2 თვე დანაზოგს დააგროვებს, შემდეგ კი ბინას იქირავებს. ქირის საფასურს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაუფინანსებს. თავშესაფარი ალიმენტის მიღებაშიც ეხმარება. მარიამს გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ წლები დაკარგა და ამ გზის გავლა უფრო ადრე არ დაიწყო. სხვა ქალებსაც, რომლებსაც იგივე პრობლემა აქვს, ამას ურჩევს: არ მოითმინონ!