ჩვენ გვიყვარს რაგბი და ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას! - ქართველი მორაგბეები რეგიონებში მცხოვრებ ვაჟებს ხვდებიან

თარიღი:

„ჩვენთვის ძალადობა მიუღებელია. ამ ღირებულებას ყველა მორაგბე იზიარებს“, - სწორედ ეს იყო ის მთავარი შეტყობინება, რომელზეც ყურადღება ქართველმა მორაგბეებმა 20 და 21 აპრილს წეროვანის დევნილთა დასახლებასა და სოფელ კორბოულში ვაჟებთან (7-დან 16 წლამდე) შეხვედრისას გაამახვილეს.

ქართველი მორაგბეები წეროვანში მცხოვრებ ვაჟებს შეხვდნენ; ფოტო: მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია
წეროვანის დევნილთა დასახლება შიდა ქართლში მდებარეობს, სოფელი კორბული კი - დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში. წეროვანის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის ომის შედეგად ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა ცხოვრობს, ხოლო კორბული ნაწილობრივ ადგილობრივებით, ნაწილობრივ კი 1990-იანი წლების კონფლიქტის შედეგად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებითაა დასახლებული.

მორაგბე სანდრო ნიჟარაძემ და სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტმა ნოდარ ანდღულაძემ 120-მდე მოზარდს რაგბის ღირებულებები, სპორტის ამ სახეობის „დაუწერელი კანონები“ გააცნეს, რომლებიც ერთმანეთის გატანას, უსამართლობაზე რეაგირებას, ერთმანეთის შეცდომების გამოსწორებას, ძალადობის დაუშვებლობასა და თანასწორობას გულისხმობს.

სანდრო ნიჟარაძე და ნოდარ ანდღულაძე ახალი სოლიდარობის მოძრაობის „ჩვენ - კაცები ძალადობის წინააღმდეგ“ დამფუძნებლებს წარმოადგენენ. ამ მოძრაობაში გაერთიანებულნი არიან სპორტსმენები, მწერლები, მსახიობები და სხვა სფეროს წარმომადგენლები. მისი მიზანი კაცთა და ვაჟთა შორის გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების ხელშეწყობაა. „რაგბი საქართველოში ძალიან უყვართ, მორაგბეებს კი უდიდეს პატივს სცემენ, ამიტომ მნიშვნელოვანია მორაგბეების ავტორიტეტის გამოყენება ახალი თაობებისთვის სწორი ღირებულებების ჩამოსაყალიბებელად, ძალადობისგან თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი გარემოს შესაქმნელად“,-აღნიშნა შეხვედრის შემდეგ სანდრო ნიჟარაძემ.

აღნიშნული შეხვედრები გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მოძრაობის „ჩვენ“ დამფუძნებლებისა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული. წეროვანში ჩატარებულ შეხვედრას მცხეთის გუბერნატორი გოჩა ზეიკიძეც ესწრებოდა.

„გაგვიხარდა მორაგბეებთან შეხვედრა და მათთან საუბარი. გვიყვარს რაგბი და წეროვანში რაგბის გუნდი „რაინდებიც“ გვყავს. ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ. ძალადობა დაუშვებელია, მით უმეტეს ძალადობა ქალთა და გოგონათა წინაღმდეგ. მორაგბეები ამ შეხედულებით ცხოვრობენ და ჩვენც ვიზიარებთ მას“,-აღნიშნა16 წლის გიორგიმ.

ქართველი მორაგბეები დიდი ხანია გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ფარგლებში (დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ, ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა / გაეროს ქალთა ორგანიზაცია / გაეროს მოსახლეობის ფონდი). აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში კაცთა ჩართულობის გაზრდას. ლელოებმა, გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში, ამ თემას რამდენიმე საერთაშორისო მატჩი მიუძღვნეს. 2014 წელს კი ისინი გაეროს ქალთა ორგანიზაციის სოლიდარობის მოძრაობას გენდერული თანასწორობისთვის HeForShe შეუერთდნენ და საქართველოსა და იაპონიის მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული თამაში აღნიშნულ კამპანიას მიუძღვნეს.