მრავალფეროვნება, თანასწორობა და ინკლუზიურობა ადამიანური რესურსების მართვის სწავლების ნაწილი ხდება

თარიღი:

საქართველოს ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ ჯანჯარია. Ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი
საქართველოს ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი მარიამ ჯანჯარია. Ფოტო: საქართველოს უნივერსიტეტი

თანამედროვე ბიზნესგარემოში ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები ჯანსაღი და თანასწორი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ. ისინი გავლენას ახდენენ ღირსეული სამუშაო პირობების შექმნაზე, რაც თანაბრად სასარგებლოა დამსაქმებლების, დასაქმებულებისა თუ საზოგადოებისთვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ამ მიმართულებით ბოლო წლების განმავლობაში აქტიური ნაბიჯები გადადგა. პირველად საქართველოში, HR პროფესიონალთა ასოციაციასთან თანამშრომლობით, ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტებისთვის დაინერგა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის სასერტიფიკატო პროგრამა, შეიქმნა პრაქტიკული სახელმძღვანელო მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის შესახებ, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებისა თუ მენეჯერებისთვის სასარგებლო გზამკვლევის ფუნქციას ასრულებს.

საგულისხმოა, რომ ამ ძალისხმევას კერძო სექტორის მხრიდან საინტერესო ნაბიჯების გადადგმა უკვე მოჰყვა. ერთ-ერთ მათგანს წარმოადგენს საქართველოს უნივერსიტეტის ინიციატივა სამაგისტრო საფეხურზე მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პრინციპების ინტეგრირების შესახებ.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა, მარიამ ჯანჯარიამ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და HR პროფესიონალთა ასოციაციის სასერტიფიკატო პროგრამა გაიარა, გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტს სამაგისტრო პროგრამაში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის საკითხებიც შეეტანა. საგულისხმოა, რომ ეს სიახლე სწორედ მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის შესახებ პრაქტიკულ სახელმძღვანელოს დაეყრდნო.

“ამ პრინციპების ინტეგრირებით, ხელს ვუწყობთ HR პროფესიონალების ისეთი თაობების ჩამოყალიბებას, რომლებსაც ინკლუზიური ლიდერობის, სამუშაო ადგილზე თანასწორი და სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღების კომპეტენცია და უნარები აქვთ. ეს კი მათ დაეხმარება, ორგანიზაციული წარმატების მისაღწევად მრავალფეროვანი სამუშაო ძალის პოტენციალი სრულად გამოიყენონ”, - აცხადებს მარიამ ჯანჯარია.

ცვლილებები როგორც თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებში შევიდა. შედეგად, მაგისტრანტები სწავლობენ, როგორ მართონ კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების პროცესი მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ღირებულებებით, ეცნობიან იმ მგრძნობიარე თემებს, რომლებიც ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალებმა ორგანიზაციული ეფექტიანობისა და თანამშრომლების კმაყოფილების გასაზრდელად უნდა გაითვალისწინონ. ამავდროულად, ისინი იღრმავებენ ცოდნას ადამიანთა გამოცდილებების შეფასების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მათ, სამუშაო ადგილზე მხარი დაუჭირონ პატივისცემაზე დაფუძნებულ კულტურას.

“მრავალფეროვნების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრაქტიკები უფრო და უფრო აქტუალური ხდება. პოტენციური თუ არსებული თანამშრომლებისთვის ისინი ორგანიზაციის შეფასების ერთ-ერთი კრიტერიუმია. საჭიროა, დასაქმებულები, უპირველესად კი მენეჯმენტის წარმომადგენლები და ადამიანური რესურსების მართვის პროფესიონალები იყვნენ ამ პრაქტიკების გამტარებლები როგორც თანამშრომლებთან, ისე შერჩევის პროცესში. ასევე, მნიშვნელოვანია, კარიერის დასაწყისშივე იმაღლებდნენ ცნობიერებას, რათა რეალური შემთხვევების განხილვა მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ჭრილში შეძლონ”, - აღნიშნავს ელენე ქოჩქიანი, ადამიანური კაპიტალის მართვისა და ციფრული ტრანსფორმაციის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, რომელიც ერთ-ერთია, ვინც მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის თემების შესახებ ცოდნა მიიღო.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ადამიანური რესურსების მართვის პროცესში მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის მხარდაჭერას ახორციელებს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მიერაა დაფინანსებული.