კერძო სექტორი გენდერული თანასწორობის შესახებ უახლეს კვლევას გაეცნო
თარიღი:

გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობა გაცილებით იზრდება, როცა ისინი მონაცემებზე დაფუძნებულ სტრატეგიებს ეყრდნობა. ამავდროულად, მნიშვნელოვანია იმგვარი კომპლექსური მიდგომების დანერგვაც, რომლებიც თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებაში ყველა სექტორის, მათ შორის ბიზნესის ჩართულობასაც მოიაზრებს.
საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და კერძო სექტორის პარტნიორობის ნაწილი გენდერული თანასწორობის შესახებ უახლესი კვლევების გაცნობას, ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ერთად მათ გაანალიზებასა და შესაბამისი ნაბიჯების განხილვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების შედეგები კერძო სექტორისთვის ღირებული ინიციატივების განხორციელების მოტივაცია არაერთხელ გამხდარა.
ამ მიზანს ემსახურებოდა შეხვედრაც, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ 10 აპრილს გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიების 50-მდე წარმომადგენელთან გამართა. ღონისძიებაზე ბიზნესკომპანიების ადამიანური რესურსების მართვის, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის სპეციალისტები საქართველოში გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულებების 2024 წლის კვლევის შედეგებს გაეცნენ. ყურადღება განსაკუთრებით გამახვილდა ისეთ საკითხებზე, რომლებიც აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილებას, ქალთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების კუთხით არსებულ გენდერულ სტერეოტიპებს შეეხებოდა.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 42%-ს მიაჩნია, რომ კაცის მთავარი საქმე ოჯახის რჩენაა, ქალის კი - ოჯახის მოვლა, 71% ფიქრობს, რომ ქალები კაცებზე ნაკლებს უნდა მუშაობდნენ და ოჯახზე ზრუნვას მეტ დროს უთმობდნენ. ამას გარდა, კვლავაც გავრცელებულია პროფესიებთან დაკავშირებული გენდერული სტერეოტიპები: ყოველი მე-2 ფიქრობს, რომ ქალებს სამდივნო საქმე, დასუფთავება და ამგვარი სფეროები შეეფერებათ, 75% კი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი საქმე ქალებს საერთოდ არ გამოსდით.
ამ შედეგების წარდგენის პარალელურად, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული რეალობის შეცვლაში კერძო სექტორს, რომელიც საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია. სავარაუდო ეფექტიან ნაბიჯებს შორის კი დასახელდა მშობლის შვებულების კარგი პრაქტიკისა და მოქნილი სამუშაო გრაფიკის დანერგვა, ცხოვრებისა და სამსახურის ჯანსაღი ბალანსის პოპულარიზაცია, კაცებით დომინირებულ სექტორებში ქალების დასაქმების ხელშეწყობა და სხვა.
შეხვედრის მიმდინარეობისას დაცვისა და უსაფრთხოების კომპანია „ალგანის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნანუკა ალავიძემ აღნიშნა, რომ გენდერული თანასწორობისადმი დამოკიდებულებების გააზრება განსაკუთრებით საყურადღებო მისი საქმიანობის სფეროსთვისაა, რადგან დაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მუშაობა ქალებისთვის ჯერ კიდევ ბევრ სტერეოტიპს უკავშირდება.
„გენდერული თანასწორობა პირდაპირ აისახება ამ სფეროში დასაქმების ზრდასა და ქალების მეტ ჩართულობაზე, ამიტომ კონკრეტული მონაცემებისა და ტენდენციების გაცნობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ასეთი შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, უფრო გააზრებულად დავგეგმოთ ახალი მიდგომები დაცვისა და უსაფრთხოების სექტორში გენდერული თანასწორობის ხელშესაწყობად, დავფიქრდეთ, თუ როგორ შეგვიძლია, კომპანიის პოლიტიკა და სამუშაო გარემო უფრო ინკლუზიური გავხადოთ“, - დასძინა მან.
შეხვედრის ბოლოს კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის კამპანიას „გადაინაწილე ზრუნვა“, რომელიც აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის გადანაწილების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
გენდერული თანასწორობის მიმართ დამოკიდებულებების კვლევა (GEAS) 2024 შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ჩატარდა. კერძო სექტორთან შეხვედრა კი წარმოადგენდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული პროგრამის „ქალთა ლიდერობის გაზრდა მდგრადი და მშვიდობიანი საზოგადოებებისთვის“ ნაწილს, რომელსაც დანიის მთავრობა აფინანსებს.