გაეროს ქალთა ორგანიზაცია კერძო სექტორთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფართოებს

თარიღი:

თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ფოტო: თიბისი
თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ფოტო: თიბისი

გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში გაეროს ქალთა ორგანიზაციას საქართველოს კერძო სექტორთან მრავალწლიანი, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს. ეს პარტნიორობა თანდათან გენდერული თანასწორობის მხარდამჭერი, ახალი ინიციატივებით ფართოვდება და კიდევ უფრო სტრატეგიული ხდება.

სწორედ ამ თანამშრომლობის მაგალითია მემორანდუმი, რომელიც 6 აპრილს, გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და ერთ-ერთ უმსხვილეს ქართულ ბანკს, თიბისის შორის გაფორმდა. დოკუმენტს ხელი გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვახტანგ ბუცხრიკიძემ მოაწერეს.

მემორანდუმის ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და თიბისი ერთობლივ ინიციატივებს სხვადასხვა მიმართულებით განახორციელებენ. მათ შორის იქნება ქალთა პროფესიული განვითარება და დასაქმება, მეწარმე ქალების მხარდაჭერა, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების წახალისება, გენდერული თანასწორობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ა.შ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ იმ როლზე ისაუბრა, რომელსაც თიბისი, როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელი, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, მიღწევაში ასრულებს: „საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის ხელშეწყობისთვის, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და თიბისი 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ეს მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს“, - აღნიშნა მან.

თიბისი გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპებზე ხელმომწერი კომპანიაა და გენდერული საკითხების ინტეგრაციასა და მხარდაჭერას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2021 წლის მონაცემებით, ბანკში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია. ამასთან, უმაღლესი რგოლის მენეჯერების 35%-ს ქალები წარმოადგენენ. ამჟამად თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, მნიშვნელოვან პროექტს „500 ქალი ტექში“ ახორციელებს. ინიციატივა ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის გაზრდას გულისხმობს.

როგორც ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ აღნიშნა, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია: „თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კარგი მაგალითია, თუ როგორ უწყობს ორი ორგანიზაცია ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ერთად არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას განვახორციელებთ“, - დასძინა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

მემორანდუმი წარმოადგენს პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.