მაღალი დონის შეხვედრა საქართველოში ქალთა უფლებადამცველების გაძლიერების შესახებ

თარიღი:

მაღალი დონის შეხვედრა "მათი ბრძოლა, ჩვენი მომავალი: ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში". ფოტო: ევროპის საბჭო
მაღალი დონის შეხვედრა "მათი ბრძოლა, ჩვენი მომავალი: ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში". ფოტო: ევროპის საბჭო

მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, ქალთა უფლებადამცველები ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგანან. მათი ერთიანი ძალისხმევა და მოქმედება გადამწყვეტ როლს ასრულებს განვითარებისა თუ ადამიანის უფლებების დღის წესრიგის წარმართვაში და უზრუნველყოფს რომ არავინ დარჩეს ყურადღების მიღმა. ამ მნიშვნელობის მიუხედავად, ქალთა უფლებადამცველებს ხშირად არ აქვთ საჭირო რესურსები, მათი წვლილი არ არის სათანადოდ აღიარებული და შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის. საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებებისა და ჩართულობის სივრცეების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებით.

29 ნოემბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, ევროპის საბჭოსთან პარტნიორობითა და გაეროს გენდერული თემატური ჯგუფის ეგიდით, გამართა მაღალი დონის შეხვედრა "მათი ბრძოლა, ჩვენი მომავალი: ქალთა უფლებადამცველების გაძლიერება საქართველოში". ღონისძიება ქალთა უფლებადამცველების როლისა და წვლილის წარმოჩენას, მათი დაცვისა და საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის შესახებ ეროვნული დიალოგის წახალისებას ემსახურებოდა.

შეხვედრას სახელმწიფო უწყებების, განვითარების პარტნიორებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა. განხილვები ფოკუსირებული იყო ქალთა უფლებადამცველების საქმიანობის აღიარების, საქართველოში მათი უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის ეფექტიანი სტრატეგიების ერთობლივ შემუშავებაზე.

„ქალთა უფლებადამცველები გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის ბრძოლის წინა ხაზზე დგანან, დაუღალავად უწევენ ადვოკატირებას ადამიანთა უფლებებს ყველასთვის. მნიშვნელოვანია, დავაფასოთ ეს გამბედაობა და მხარი დავუჭიროთ მათ მუშაობას“,- განაცხადა მაღალი დონის შეხვედრის გახსნაზე გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში დიდიე ტღებიუკმა.

"ქალთა უფლებადამცველების აქტივიზმი არა მხოლოდ ინდივიდუალური უფლებების დაცვის, არამედ საზოგადოებრივი ტრანსფორმაციის მასშტაბის საკითხია. ისინი გენდერული თანასწორობის დამცველები და მდგრადი მშვიდობის შემქმნელები არიან. მსურს, კიდევ ერთხელ დავადასტურო ნორვეგიის ურყევი მხარდაჭერა ქალთა უფლებადამცველების მიმართ როგორც საქართველოში, ისე მთელ მსოფლიოში” ,- აღნიშნა მისასალმებელ სიტყვაში ნორვეგიის ელჩმა საქართველოში ბერგლიოტ ჰოვლანდმა.

შეხვედრის მონაწილეებმა მზადყოფნა გამოხატეს, გააძლიერონ მუშაობა და მოიძიონ საჭირო რესურსები ქალთა უფლებადამცველებისთვის უსაფრთხო და ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად. აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახლა, როცა საქართველოში სამოქალაქო სივრცის შეზღუდვის, უფლებადამცველთა შევიწროებისა და დაშინების შემთხვევები შეინიშნება.

გაეროს ქარტიის, პეკინის სამოქმედო პლატფორმის, 2030 წლის დღის წესრიგის, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებისა (ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ) და გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ გაეროს სხვა შესაბამისი დოკუმენტებისა თუ რეზოლუციების საფუძველზე, გაეროს ქალთა ორგანიზაცია მუშაობს ქალთა უფლებების დაცვის საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნაზე. ამასთან, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შეზღუდვის პირობებში, გაეროს სისტემას ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას სამოქალაქო სექტორი, უფლებადამცველები და გააგრძელოს ამ მიმართულებით არსებული ძალისხმევის განმტკიცება.

ინიციატივა ხორციელდება "კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში" (GG4GEGII) პროექტის მეორე ფაზის ფარგლებში, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (NORAD) მხარდაჭერით.