გაეროს ქალთა ორგანიზაცია გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს

თარიღი:

ტრენინგის მონაწილეები ონლაინსავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: ნინო ბერიძე
ტრენინგის მონაწილეები ონლაინსავარჯიშოს ასრულებენ. ფოტო: ნინო ბერიძე

საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისა და გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკის მშენებლობისთვის სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფს შორის ინფორმაციის გაზიარებას პროგრესის გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა შეუძლია. ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე ქალთა უფლებადამცველებისა და მედიის სათანადო ინფორმირებულობას.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხელს უწყობს ამგვარი ცოდნის გაზიარებას და სწორედ აღნიშნული მიმართულების ნაწილს წარმოადგენდა 5-9 ივლისს გამართული ტრენინგი „გენდერი და ეკონომიკა“, რომელსაც 25-მდე მონაწილე დაესწრო.

ტრენინგზე სიღრმისეულად იყო განხილული ისეთი თემები, როგორებიცაა გენდერისა და მაკროეკონომიკის ურთიერთკავშირი, აუნაზღაურებელი შრომა და დასაქმება, საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული გენდერული სახელფასო სხვაობა და უთანასწორობა, თანაბარი ანაზღაურება და ანგარიშგების მეთოდოლოგიის დანერგვის მოდელების (EPRR) შეფასება, სოციალური დაცვის ინკლუზიური სისტემის შექმნა და სხვა. მონაწილეებმა ოჯახში დასაქმებულების შესახებ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 189-ე და დედობის დაცვის შესახებ 183-ე კონვენციების რეგულირების ზეგავლენის შეფასებებზეც იმსჯელეს.

ტრენინგის დასრულების შემდეგ „ქვემო ქართლის მედიის“ ჟურნალისტმა, ნინო ბერიძემ შეხვედრის პროდუქტიულობას გაუსვა ხაზი: „ძალიან საინტერესო იყო სხვადასხვა პროექტისა და ანგარიშის გენდერულ ჭრილში განხილვა-გაანალიზება. ტრენინგის დახმარებით, გენდერულად მგძნობიარე ეკონომიკასა და ანალიზის მეთოდებში ცოდნა გავიღრმავე, ამომწურავად გავიგე, რა კავშირი აქვს გენდერს ეკონომიკასთან, რა უნდა გაკეთდეს ისეთი ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად, რომელშიც ქალები და კაცები თანაბრად და სრულფასოვნად იქნებიან ჩართულები. ეს ცოდნა ჩემს ჟურნალისტურ საქმიანობაში ძალიან გამომადგება“, - აღნიშნა ნინო ბერიძემ.

„ქალები საერთო მომავლისთვის“ (WECF) საქართველოს ოფისის გენდერული პროგრამების კოორდინატორმა, იდა ბახტურიძემ კი ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “მეინსტრიმ ეკონომიკური ცოდნები სრულად დაცლილია ფემინისტური პერსპექტივისგან, უფლებადამცველებსა და თანასწორობის პოლიტიკაზე მომუშავე პრაქტიკოსებს კი ეკონომიკურ საკითხებზე პროფესიული კომპეტენცია არ აქვთ. შესაბამისად, შეხვედრები, რომლებიც ამ ცოდნის შევსებაში, უნარების გაუმჯობესებასა და გენდერულად მგრძნობიარე ეკონომიკური ხედვების ფორმულირებაში გვეხმარება, ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა იდა ბახტურიძემ.

ტრენინგი გაეროს ქალთა ორგანიზაციის რეგიონული პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით ხორციელდება.