ახალი ცოდნით ახდენილი სურვილები

თარიღი:

ნაილი მენთეშაშვილი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა
ნაილი მენთეშაშვილი. ფოტო: გვანცა ჩაგუნავა

„დილაობით, როცა ვდგები, პირველად სათბურისკენ მივდივარ. ეს ადგილი ჩემი ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილი და უდიდესი თერაპიაა. მწვანილის წარმოების დაწყება ჯერ კიდევ წლების წინ, მეუღლესთან ერთად მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, იგი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. ოცნების ასრულება მარტომ, მაგრამ მაინც შევძელი და ამან საყვარელი ადამიანის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი ძალიან შემიმსუბუქა“, - ჰყვება 35 წლის ნაილი მენთეშაშვილი, ახალგაზრდა მეწარმე თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ჯორჯიაშვილიდან.

მეუღლის დაღუპვის შემდეგ სამ შვილთან ერთად მარტოდარჩენილ ნაილის მძიმე მდგომარეობიდან გამოსვლაში მეზობლები დაეხმარნენ: უთხრეს, რომ სოფელში ქალების გაძლიერებისთვის ახალი ინიციატივა იწყებოდა და ბევრი თხოვნის შემდეგ დაითანხმეს, ერთ შეხვედრას მაინც დასწრებოდა. „გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ პროექტის შესახებ მაშინ გავიგე. ამ შესაძლებლობამ ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. ინიციატივებში აქტიურად ჩავერთე, სულ სხვა ძალა მომეცა“, - იხსენებს ნაილი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი) გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდმა“ პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ განხორციელება 2019 წელს დაიწყეს. მის მნიშვნელოვან ნაწილს სათემო მობილიზაცია, ადგილობრივი ქალების გაძლიერება, მათთვის ახალი, ღირებული ცოდნის გაზიარება და მცირე გრანტებით მხარდაჭერა წარმოადგენს. ნაილი სწორედ ამ პროექტის ერთ-ერთ აქტიურ მონაწილედ იქცა. სათემო მობილიზაციაში ჩართვასთან ერთად, მან ბიზნესის მართვაში, პროექტების წერასა და ხარჯთაღრიცხვაში ტრენინგები გაიარა, შემდეგ კი დაფინანსებაც მიიღო, საჭირო ინვენტარი შეიძინა, სათბური გააშენა და მწვანილის წარმოება-რეალიზაცია დაიწყო.

გარდა იმისა, რომ მარტოხელა დედას შემოსავლის მუდმივი წყარო აქვს, ახლა ნაილი თანასოფლელებთან ერთად, თემის პრობლემების მოგვარებაშიც აქტიურად მონაწილეობს და ადგილობრივ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით, რეალობის უკეთესობისკენ შეცვლას ცდილობს. „არავის სჯეროდა, რომ ქალები სოფლის რუტინას გამოვაცოცხლებდით. თავადაც შევიცვალეთ. მე, მაგალითად, მხოლოდ საშუალო განათლება მაქვს, 18 წლის შემდეგ არ მისწავლია, პროექტით კი ახალი ცოდნა მივიღე - ბიზნესის წარმოების გარდა, ქალებისა და დასაქმების უფლებებს, შრომის კოდექსს გავეცანი“, - ამბობს ნაილი, რომელიც სამომავლოდ მებაღეობის შესწავლასა და საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას გეგმავს.

სულ თეთრიწყაროში სოციალურ მობილიზაციაში 64 ქალია ჩართული. პროექტის ფარგლებში დაფინანსება მიიღო და საკუთარი ბიზნესი 24-მა ქალმა წამოიწყო.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტი „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის, „ფონდი ტასოსა“ და ქეა საერთაშორისო კავკასიის მიერ, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.