ჩემი გადმოსახედიდან: „ქალები ეკოლოგიურ რისკებს სწრაფად აცნობიერებენ“

50 წლის ელისო ჯანაშია სამოქალაქო აქტივისტი და სამოქალაქო პლატფორმის „ფოთელები საკუთარი უფლებებისთვის“ დამფუძნებელია. ის ფოთში, ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობს და ზღვის დაბინძურების, წყალქვეშა რესურსების მართებულად გამოყენებისა და სხვა ეკოლოგიური საკითხების აქტუალიზაციაზე მუშაობს. ელისო ერთ-ერთია იმ ქალებს შორის, რომლებმაც საქართველოდან პროექტში „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მიიღეს მონაწილეობა.

თარიღი:

ელისო ჯანაშია. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა
ელისო ჯანაშია. ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა

„ფოთი სამრეწველო და თევზჭერის პოტენციალითაა გამორჩეული, თუმცა ამ შესაძლებლობებს ზღვის დაბინძურებისა და წყლაქვეშა რესურსის არასწორად გამოყენების პრობლემებიც ახლავს თან. 2020 წელს სწორედ ამ საკითხების აქტუალიზაციისთვის დავაარსე სამოქალაქო პლატფორმა „ფოთელები - საკუთარი უფლებებისთვის“.

პლატფორმის ძირითადი ძალისხმევა, სხვა ეკოლოგიურ თემებთან ერთად, წყალქვეშა რესურსის, კონკრეტულად კი თევზჭერის მავნე პრაქტიკის აღმოფხვრისკენ, სწორი რეგულაციის, კონტროლისა და ზიანის შერბილებისკენაა მიმართული. ამ მიზნით, მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრებს, ტურებს, კინოჩვენებებსა და დისკუსიებს სისტემატურად ვმართავთ, არსებულ პრობლემებს ადვოკატირებას ადგილობრივ მთავრობასთან ვუწევთ, ცნობიერების ამაღლებითა და მედიაგაშუქებით საფრთხეების წარმოჩენასა და საზოგადოებრივი აზრის მობილიზებას ვცდილობთ.

პლატფორმის აქტიურობამ პირველი შედეგი უკვე მოიტანა: თუ თავდაპირველად წამოწყებას ადგილობრივები სკეპტიკურად უყურებდნენ და ჯგუფში 1-2 ადამიანის დამატება გვიხაროდა, ახლა პლატფორმის მიმდევრების რიცხვი 5700-ს აჭარბებს. ფოთელები თემის მიმართ მეტ ყურადღებას იჩენენ, ინიციატივებში ერთვებიან, აზრს გვეკითხებიან. ხედავენ, რომ მათ ინტერესებს ვიცავთ და გვენდობიან. თემებში უკვე ჩვენი წარმომადგენლები, მოხალისეები გვყავს და ამ საქმიანობაში ჩართვის სურვილს სულ უფრო ბევრი ადამიანი გამოხატავს.

ჰაერის, ნიადაგისა და ზღვის დაბინძურება და წყალქვეშა რესურსის არამდგრადი გამოყენება, რომელიც დიდ საფრთხეს შეიცავს, არა მხოლდო ადგილობრიივი პრობლემა, არამედ ჩვენი გლობალური პასუხისმგებლობაა. მასთან ჯაჭვურადაა დაკავშირებული სხვა საკითხებიც. ამ პასუხისმგებლობას თუ არ გავიაზრებთ, ყველა დავზარალდებით. ქალები ეკოლოგიურ რისკებს სწრაფად აცნობიერებენ, ამიტომაცაა, რომ პლატფორმის საქმიანობაშიც უმეტესად ისინი არიან ჩართულები: ყველა აქტივობაში მონაწილეობენ და საკუთარი მხარდაჭერით ძალიან გვეხმარებიან, რადგან კარგად ხვდებიან, რომ ეს მათი შვილების მომავალს ეხება“.


მიზანი 14: ოკეანისა და ზღვის რესურსი

ინიციატივა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში ქალთა წვლილის პოპულარიზაციას ემსახურება. იგი გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. საქართველოში პროექტი გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით განხორციელდა. ელისო ჯანაშიას საქმიანობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მდგრადი განვითარების მე-14 მიზნის მიღწევაში, რომელიც წყალქვეშა რესურსების - ოკეანისა და ზღვის რესურსების კონსერვაციასა და მუდმივ გამოყენებას განვითარებისთვის გულისხმობს.