თბილისმა გამოფენას „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ უმასპინძლა

თარიღი:

პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გოჰარ აღჯოიანი გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
პროექტის ერთ-ერთი მონაწილე გოჰარ აღჯოიანი გამოფენის გახსნაზე სიტყვით გამოდის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

მდგრადი განვითარების 17 მიზანი თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევასა და, ამავდროულად, უკეთესი მომავლის მშენებლობის კონკრეტულ დღის წესრიგს წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მათი მიღწევის პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მცხოვრები ქალები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით, აქტიურობითა და ინიციატივებით მოტივაციის მიმცემ, შთამაგონებელ მაგალითებს ქმნიან.

სწორედ ამ ქალების საქმიანობის პოპულარიზაციას ემსახურება გამოფენა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“, რომლის ინიციატივაც გაეროს ჟენევის სათავო ოფისსა და მის წარმომადგენელს, ტატიანა ვოლოვაიას, ასევე, შვეიცარიაში ქალთა გაძლიერების ასოციაციას ეკუთვნის. პროექტი, რომელიც 17 ქვეყანაში 17 ქალის პორტრეტებისა და მათ შესახებ მცირე ისტორიების შექმნას ითვალისწინებს, მულტიკულტურულობის, ადამიანთა ერთიანობის, თანასწორობისა და მდგრადი განვითარების ღირებულებებს ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ 17 ქვეყანას შორის საქართველოც მოხვდა და 2-5 ივლისს, თბილისში, გაეროს საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ გაიმართა. მან კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის წვლილი, რომელიც საქართველოში ქალებს საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასა და უკეთესი მსოფლიოს მშენებლობაში შეაქვთ.

ექსპოზციამ სხვადასხვა ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალების პორტრეტები გააერთიანა. თითოეული მათგანის ისტორიამ კი მდგრადი განვითარების კონკრეტული მიზნის მისაღწევად გაწეული ძალისხმევა — ინიციატივები, უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯები და ცვლილებები ასახა. მათ შორის იყო მარიეტა ლეთოდიანიც, მასწავლებელი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე რეგიონების“ პროექტების კოორდინატორი, რომელიც 2008 წლიდან განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციაზე, ცნობიერების ამაღლებასა და დანერგვაზე მუშაობს.

„ეს გამოფენა და იდეა სხვადასხვა სფეროში ჩართული, საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ აქტიური ქალების წარმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია. ის გაცნობის, წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. 17 მიზანი მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს და ვიმედოვნებ, რომ აქტიური ქალებისა და საზოგადოების ძალისხმევით, 2030 წლამდე მათი უმეტესობა მიღწეული იქნება“,- აღნიშნა მარიტა ლეთოდიანმა, რომელიც გამოფენას დამთვალიერებლის სტატუსით ეწვია.

პროექტის „17 პორტრეტი - ქალები მოქმედებენ“ განხორციელება 2022 წელს დაიწყო და 2024 წელს დასრულდება. საბოლოოდ, 17 ქვეყანაში გადაღებული პორტრეტები დამთვალიერებლებს, საერთო გამოფენის ფარგლებში, გაეროს ჟენევის ოფისში წარედგინებათ.