„დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ - საფინანსო სექტორი გლობალურ ინიციატივას შეუერთდა

თარიღი:

საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა
საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა სიმბოლურად რეკავენ ზარს გენდერული თანასწორობისთვის. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია/ლელი ბლაგონრავოვა

გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საქართველოს საფონდო ბირჟისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მხარდაჭერით, საქართველო ყოველწლიურ გლობალურ ინიციატივას „დარეკე ზარი გენდერული თანასწორობისთვის“ კიდევ ერთხელ შეუერთდა. სპეციალური ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, ამჯერად ქალების საჭიროებებზე მორგებული ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების მნიშვნელობას, ასევე, მათი შემუშავების პროცესში გენდერული ფაქტორების გათვალისწინებას მიეძღვნა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში კაორი იშიკავა, IFC-ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში ივანა ფერნანდეს დუარტე, ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე მარკო სოლდიჩი, საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ქურდიანი, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, საერთაშორისო და ადგილობრივი საფინანსო სექტორის წარმომადგენლები და ბიზნესგაერთიანებების წევრები.

“ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ დისკრიმინაციის ნიშნები სხვადასხვა ფორმით კვლავაც გამოწვევად რჩება. ეკონომიკური ძალადობა და ქონებაზე არათანაბარი ხელმისაწვდომობა ის საკითხებია, რომელთა გადაჭრა განვითარებული საზოგადოების პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის ზრდით იქმნება ბერკეტი, რომლითაც ეკონომიკაში ქალთა ჩართულობის აქსელერაცია და მშპ-ის ზრდის აუთვისებელი პოტენციალის გამოყენებაა შესაძლებელი“, - აღნიშნა ღონისძიებაზე საქართველოს საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო ქურდიანმა.

საქართველოში ქალები ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პროცესში არაერთ ბარიერს აწყდებიან: ხშირად მათ ფინანსური უზრუნველყოფისთვის აუცილებელ ქონებაზე ხელი არ მიუწვდებათ, არ აქვთ ბიზნესის დაწყებისა და განვითარებისთვის საჭირო ცოდნა, უნარები და კავშირები, კვლავაც უწევთ საზოგადოებაში არსებულ სტერეოტიპებთან გამკლავება და ა.შ. შესაბამისად, გენდერული თავისებურებების გათვალისწინებას ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

პანელურ დისკუსიაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ყურადღებას ისეთ თემებზე გაამახვილეს, როგორებიცაა გენდერულად მგრძნობიარე ფინანსური პროდუქტები და სერვისები, მეწარმე ქალების გამოწვევები საქართველოში და ა.შ. პანელური დისკუსიის შემდეგ თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკიდან, TEB-დან მოწვეულმა ექსპერტებმა ქართველ კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომლის მიმდინარეობისასაც მათ ქალებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნის პროცესის თავისებურებები პრაქტიკულად გააცნეს.

ღონისძიება პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილს წარმოადგენდა, რომელიც ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.