გაეროს ქალთა ორგანიზაცია და USAID გენდერულად ინკლუზიური ბიზნესსექტორის ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ

თარიღი:

USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ხელმძღვანელმა, დევიდ ბლოდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"
USAID-ის პროგრამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ხელმძღვანელმა, დევიდ ბლოდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. ფოტო: USAID-ის პროგრამა "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის"

გაეროს ქალთა ორგანიზაციის კერძო კომპანიებთან თანამშრომლობა, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ფარგლებში ბიზნესსექტორში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას ემსახურება, 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს. ამიერიდან ეს გამოცდილება USAID-ის პროგრამის „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ჩართულობასაც გაითვალისწინებს.

3 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციასა და USAID-ის პროგრამას „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს, პოპულარიზაცია გაუწიოს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, აამაღლოს ცნობიერება ეკონომიკურ ზრდაში გენდერული თანასწორობის პოზიტიური როლის შესახებ, ხელი შეუწყოს პარტნიორ კერძო კომპანიებს, დანერგონ გენდერულად ინკლუზიური პრაქტიკა და საკუთარი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყონ ქალთა ჩართულობა სამუშაო ადგილებზე, ბაზარსა და საზოგადოებაში.

ღონისძიებას გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ალია ელ-იასირი და USAID კავკასიის მისიის დირექტორი ჯონ პენელი ესწრებოდნენ.

„თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგოების ლიდერობას, მათთვის თანასწორი შესაძლებლობების შექმნას, დაეხმარება კერძო სექტორის იმგვარი ეკოსისტემის შექმნას, რომელიც ითვალისწინებს გენდერულ თანასწორობას და მას ღირებულებათა ჯაჭვის პრიორიტეტად მიიჩნევს“, - განაცხადა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, ალია ელ-იასირმა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები დღევანდელ ღონისძიებაზე, რომელიც USAID-ისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი პროექტი განსაკუთრებით ორიენტირებული იქნება ქალთა გაძლიერებაზე“, - დასძინა USAID კავკასიის მისიის დირექტორმა, ჯონ პენელმა.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ერთი ნაწილი დაეთმო დიკუსიას, რომლის მიმდინარეობისას ექსპერტებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა საქართველოს პროფესიული უნარების ეკოსისტემაში გენდერულად ინკლუზიური ბიზნესპრაქტიკის ხელშეწყობაზე იმსჯელეს. მათ დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობა განიხილეს.

USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მემორანდუმის გაფორმება, ისევე, როგორც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ნაწილია. პროექტი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.