გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის დანერგვაში ეხმარება

თარიღი: პარასკევი, 23 ოქტომბერი, 2020 წელი

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში"  წარმომადგენელი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხილვაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" წარმომადგენელი გენდერული თანასწორობის სტრატეგიის განხილვაზე. ფოტო: გაეროს ქალთა ორგანიზაცია

გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესის ერთ-ერთი არსებითი ნაწილი სხვადასხვა ორგანიზაციაში შესაბამისი ღირებულებების დანერგვაა. ამ მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია პარტნიორებს გენდერული თანასწორობის სტრატეგიების შემუშავებასა და დანერგვაში ეხმარება. მათ შორისაა სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, რომელმაც ეს სტრატეგია და სამწლიანი სამოქმედო გეგმა უკვე დაამტკიცა. პროცესი გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით წარიმართა.

სტრატეგიის შესაბამისად, „აწარმოე საქართველოში“ უწყების შიგნით გენდერული თანასწორობის დაცვაზე იმუშავებს, სააგენტოს პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება თუ მონიტორინგი კი გენდერული მეინსტრიმინგის საფუძველზე მოხდება. პარალელურად, დაიხვეწება სქესის ნიშნით დანაწევრებული მონაცემების შეგროვება როგორც სააგენტოს ბენეფიციარების, ისე თანამშრომელთა შესახებ.

სამწლიან სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული აქცენტი დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების პრევენცია-აღმოფხვრაზე კეთდება. სააგენტომ სექსუალური შევიწროების აღმოფხვრისა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმიც დაამტკიცა, რომელიც მან გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა.

“გენდერული თანასწორობა უალტერნატივო და აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური წინსვლისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ამ საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული დახმარება ჩვენი გზამკვლევი იქნება” ,- აცხადებს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დირექტორი მიხეილ ხიდურელი.

სააგენტოს გენდერული თანასწორობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით განსაზღვრული ქალისა და კაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფის ძირითად გარანტიებს ეფუძნება. ამავდროულად, იგი საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებსა და გენდერული თანასწორობის სფეროში საქართველოს მთავრობის პოლიტიკას ითვალისწინებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია და „აწარმოე საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერებისა და გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე თანამშრომლობენ. თანამშრომლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის გენდერული თანასწორობის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.