საქართველოში ლგბტქი ადამიანების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებები მცირდება, თუმცა მათი უფლებების დაცვა გამოწვევად რჩება

თარიღი:

ახალი კვლევების წარდგენა ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/გაერო
ახალი კვლევების წარდგენა ლგბტქი თემის მიმართ არსებული საზოგადოებრივი დამოკიდებულებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. ფოტო: გელა ბედიანაშვილი/გაერო

ლგბტქი ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე დაუცველ და მარგინალურ ნაწილს წარმოადგენენ. ისინი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში დისკრიმინაციასა და ძალადობას განიცდიან, ხოლო მათი უფლებების დაცვისა და რეალიზების მხრივ, კვლავაც მნიშვნელოვანი გამოწვევები არსებობს. სწორედ ეს საგულისხმო მიგნებები გამოავლინა ახალმა კვლევებმა, რომელთა პრეზენტაციაც 6 მაისს გაიმართა. ღონისძიებას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და აქტივისტები დაესწრნენ.

გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, შვედეთის მთავრობის დაფინანსებით, ორი კვლევა ჩატარდა; საქართველოს სახალხო დამცველმა ანგარიში ლგბტქი ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მოამზადა, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა კი ლგბტქი ჯგუფისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ საზოგადოების ცოდნა, ინფორმირებულობა და დამოკიდებულებები იკვლია.

კვლევების მიხედვით, საზოგადოების ნეგატიური დამოკიდებულება ლგბტქი თემის მიმართ თანდათან იკლებს: 2016 წელთან შედარებით, საგრძნობლად შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთაც მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ ლგბტქი თემის მიმართ. გამოკითხულთა 20.6 პროცენტული ერთეულით ნაკლები (55.9%) ფიქრობს, რომ ლგბტქი ჯგუფის თანასწორობისთვის ბრძოლა საკუთარი ცხოვრების წესის სხვებისთვის თავზე მოხვევა ან პროპაგანდაა. თითქმის 20%-ითაა (56.8%-მდე) შემცირებული თემის უფლებადამცველების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებაც. აღსანიშნავია, რომ ჰომოფობიური დამოკიდებულებების კლებასთან დაკავშირებით, პოზიტიურ ცვლილებებს ქალები, ახალგაზრდები და დედაქალაქში მცხოვრები რესპონდენტები უფრო ამჟღავნებენ, კაცებთან და მაღალი ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტებთან შედარებით.

„დამაიმედებელია იმის ცოდნა, რომ საქართველოში ლგბტქი თემის წარმომადგენელთა მდგომარეობა გაუმჯობესდა. მაგალითად, გაუმჯობესდა მათი დასაქმების მაჩვენებელი. თუმცა რჩება ნეგატიური დამოკიდებულება და სხვა გამოწვევები, რომლებიც მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს “, - აღნიშნა კვლევების წარდგენისას გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში საბინე მახლმა.

საგულისხმოა, რომ ახალი კვლევების მიხედვით, რესპონდენტთა 48.2% მიიჩნევს, რომ სინამდვილეში, ლგბტქი ადამიანები პრივილეგიებისთვის იბრძვიან და არა - თანასწორუფლებიანობისთვის, 39.5% კი ფიქრობს, რომ საქართველოში მათი უფლებები დაცულია. თუმცა, ამავდროულად, გამოკითხულთა 38.6% ამბობს, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი ჯგუფის მიმართ ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტებზე. დოკუმენტები სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისთვის შემუშავებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს და ღიაა ყველა დაინტერესებულის პირისთვის.

ღონისძიება ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს განვითარების პროგრამისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელშეწყობითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.