საქსტატმა შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი პირველად გამოაქვეყნა

თარიღი:

საქსტატმა შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი პირველად გამოაქვეყნა

გენდერული სახელფასო სხვაობა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გენდერული უთანასწორობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და მკაფიოდ წარმოაჩენს იმ კომპლექსური სოციალური ფაქტორების არსებობას, რომლებიც მას განაპირობებს.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია საქართველოში გენდერული სახელფასო სხვაობის მიმართულებით 2018 წლიდან მუშაობს და შესაბამის უწყებებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს. ამ მხარდაჭერის შედეგად, 2021 წლიდან ქვეყანა თანაბარი ანაზღაურების საერთაშორისო კოალიციაშია გაწევრიანებული, რაც შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების შემუშავებისა და გამოქვეყნების საკითხს კიდევ უფრო აქტუალურს ხდის.

სწორედ ამ აქტუალობას ეხმიანება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის თანამშრომლობა, რომლის შედეგადაც, საქსტატმა 24 თებერვალს შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებელი პირველად გამოაქვეყნა. მნიშვნელოვანია, რომ ეს გაანგარიშება სახელფასო სხვაობას დემოგრაფიული და სამუშაო მახასიათებლების გათვალისწინებით ასახავს.

წარმოდგენილი მონაცემებით, 2020 წელს შესწორებულმა გენდერულმა საათობრივმა სახელფასო სხვაობამ 15,9% შეადგინა. თვიური სახელფასო სხვაობის შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებელი 21,4%-ია. საგულისხმოა, რომ საქმიანობების მიხედვით საათობრივად გაანგარიშებული გენდერული სახელფასო სხვაობა ყველაზე მაღალი - 16,8% მომსახურების სფეროშია, მრეწველობაში იგი 15,4%-ს შეადგენს, მშენებლობაში კი - 13,2%-ს. აღსანიშნავია, რომ შესწორებული თვიური გენდერული სახელფასო სხვაობა საათობრივ გენდერულ სახელფასო სხვაობას ყველა სფეროში აღემატება რასაც ხშირ შემთხვევაში, ქალების საოჯახო, აუნაზღაურებელი შრომა განაპირობებს.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განცხადებით, საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის მაჩვენებლის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის წარმოება დაიწყო: „შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის წარმოადგენს პროგრესს გენდერული სტატისტიკის განვითარების თვალსაზრისით. იგი შრომის ბაზარზე არსებული გენდერული ბარიერების იდენტიფიცირებისკენ გადადგმული ის მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ხელს შეუწყობს ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და გენდერული უთანასწორობის შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას“, - აღნიშნავს გოგიტა თოდრაძე.

შესწორებული გენდერული სახელფასო სხვაობის გაანგარიშება საქსტატის სამუშაო ძალის გამოკვლევას დაეფუძნა, რომელიც ქვეყნის მასშტაბის კვარტალურად 15 000-ზე მეტი რესპონდენტის გამოკითხვას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ მოსამზადებელი სამუშაოების ეტაპზე, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით, შრომის ანაზღაურების მონაცემების არსებული წყაროები შეფასდა, გაანალიზდა იმ მახასიათებლების ხელმისაწვდომობაც, რომლებიც შესწორებულ გენდერულ სახელფასო სხვაობას განაპირობებს.

გენდერული სახელფასო სხვაობის აღმოსაფხვრელად განხორციელებული ინიციატივები გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“ ნაწილია. იგი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერაა დაფინანსებული.