მარცხი - ნაბიჯი წარმატებისკენ: მეწარმე ქალების გამოცდილება Fuckup Nights-ზე

თარიღი: ორშაბათი, 26 ივლისი, 2021 წელი

Fuckup Nights Batumi-ის ერთ-ერთი მონაწილე ნინო გიგინეიშვილი სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ლიბერთი
Fuckup Nights Batumi-ის ერთ-ერთი მონაწილე ნინო გიგინეიშვილი აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ფოტო: ლიბერთი
როგორია მარცხი, რომელიც სინამდვილეში წარმატებისკენ ნაბიჯის გადადგმასა და მნიშვნელოვან მოტივაციას ნიშნავს - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებმა აუდიტორიას საკუთარი გამოცდილება 26 ივლისს, ბათუმში, Fuckup Nights-ის პოპულარული ფორმატით გაუზიარეს.

ღონისძიებაში, რომელიც სტარტაპ ბიუროს მიერ იყო ორგანიზებული, 4 მეწარმე ქალი მონაწილეობდა. ისტორიებით, რომლებიც მათ დამსწრეებს უამბეს, კიდევ ერთხელ წარმოაჩინეს საქმიანობისას გადალახული წინაღობები და შეეცადნენ, ამ მაგალითებით მოტივაცია სხვა ქალებისთვისაც მიეცათ. სპიკერების გამოსვლების შემდეგ კი პანელური დისკუსია გაიმართა, რომლის დროსაც მეწარმე ქალებმა აუდიტორიის შეკითხვებსაც უპასუხეს.

„ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ ვაკეთებ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. დღეს ამ ღონისძიებაში მონაწილეობით საშუალება მომეცა, საკუთარი თავი სხვა კუთხით დამენახა. ეს ჩემთვის დიდი გამოცდილება იყო. თანაც, მოტივაციაც გამიჩნდა, რომ შემდგომში საკუთარი გამოცდილება უფრო მეტ ადამიანს გავუზიარო და მივცე სტიმული, რომელიც ყველას გვჭირდება. მეწარმე ქალებს ვეტყოდი, რომ მარცხის მიუხედავად, არასდროს დანებდნენ და მიზნისკენ სვლა გააგრძელონ“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ნინო გიგინეიშვილმა, რომელიც რამდენიმე ბრენდის განვითარებაზე მუშაობს.

პოზიტიური მაგალითები და ამბები სირთულეების დაძლევის შესახებ ხშირად დიდი მოტივაციის წყაროა. მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საკითხი ქალთა მეწარმეობას ეხება. სწორედ ამიტომ, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ღონისძიებებს, რომლებიც გამოცდილებების გაზიარებას ისახავს მიზნად, მხარს აქტიურად უჭერს. გლობალური მოძრაობა Fuckup Nights-იც ერთ-ერთი მათგანია. მისი დახმარებით, ადამიანები საკუთარი პროფესიული მარცხის ისტორიებს ჰყვებიან. იგი 2012 წელს, მექსიკაში დაიწყო და ამჟამად მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 90 ქვეყანასა და 320 ქალაქში მიმდინარეობს. თვეში ერთხელ 3-4 სპიკერი სხვადასხვა ადგილას იკრიბება და აუდიტორიას საკუთარ პროფესიულ წარუმატებლობას უზიარებს. ეს არის გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს, დარწმუნდნენ, რომ მარცხი დასასრული არ არის, პირიქით: ის კარგი გამოცდილებაა. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საუკეთესო ამბები სწორედ ერთი შეხედვით არასწორი გადაწყვეტილებებით იწყება.

Fuckup Nights Batumi-ს მხარდამჭერები იყვნენ: ლიბერთი, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია, გრანთ თორნთონ საქართველო და ლურჯი ოკეანე. მედია მხარდამჭერები კი - Forbes Georgia, Entrepreneur საქართველო, imitom.ge, AT.ge და BPN.ge.