მე ვარ თანასწორობის თაობა: თინა ჩერტოვა, კედლის მხატვარი და აქტივისტი საქართველოდან

მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლიოში ისტორიის მართებულ მხარეს დგება. ისინი ლაპარაკობენ, მტკიცე პოზიციას ავლენენ, საერთო მიზნისთვის ერთიანდებიან და ქალთა უფლებების გასაძლიერებლად სხვადასხვა ინიციატივას იჩენენ. სწორედ ეს არის თანასწორობის თაობა.

თარიღი:

I am Generation Equality
თინა ჩერტოვა, აქტივისტი, ფემინისტი და მხატვარი თბილისიდან, საქართველოდან. თინა ქუჩის მხატვრობასა და გრაფიკას ქმნის. ფოტო: სოფი მდივნიშვილი
თინა ჩერტოვა, აქტივისტი, ფემინისტი და მხატვარი თბილისიდან, საქართველოდან. თინა ქუჩის მხატვრობასა და გრაფიკას ქმნის. ფოტო: სოფი მდივნიშვილი

მე თანასწორობის თაობა ვარ, რადგან…

სამი ნაბიჯი გენდერული თანასწორობისთვის:

  • გენდერული თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სქესობრივი განათლება სკოლებში
  • კანონმდებლობის გაუმჯობესება გენდერული ნიშნით ძალადობისა და მსხვერპლთა დადანაშაულების წინააღმდეგ
  • პოლიციის გადამზადება კაცებისა და ქალების უსაფრთხოებისთვის

ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ.

თანაბარი უფლებები ხელს შეუწყობს ადამიანებს, საკუთარი უნარებისა და ნიჭის განვითარებაში, იმ უკეთესი ცხოვრების შექმნაში, სადაც არ იარსებებს სხვადასხვა დაბრკოლების, გასაქანის არმიცემის შიში, სადაც ისინი კარიერას თავად აირჩევენ და მათი წინსვლა მათსავე ნიჭზე იქნება დამოკიდებული. თუ დასჭირდებათ, დახმარებასაც ითხოვენ, იქნებიან სუსტები ან ძლიერები და ამის გამო, საზოგადოებისგან გაკიცხვას არ მიიღებენ.

ჩემ მიერ შექმნილი კედლის მხატვრობის უდიდესი ნაწილი, იმ პერიოდში აქტუალურ, კონკრეტულ სოციალურ პრობლემას ეძღვნება ხოლმე. ნამუშევრების უმეტესობა სხვადასხვა ფესტივალისა და საგანგებო პროექტებისთვის მაქვს შექმნილი. ეს კი საკუთარი აზრის საჯაროდ გამოთქმის საშუალებას მაძლევს. კედლის მხატვრობა ხომ ამძაფრებს და აძლიერებს ჰომოფობიის, პატრიარქატისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ვიზუალურ ზემოქმედებას.

2016 წელს პროექტ „დრიმინგსტანზე“ ვიმუშავე. ეს იყო „ოცნების ქვეყანა“, რომლის მაცხოვრებლებიც საქართველოზე ჰყვებოდნენ ამბებს. ჩემი ნამუშევარი საზოგადოებამ ძალიან კარგად მიიღო. შემდეგ „დრიმინგსტანში“ არსებული სოციალური პრობლემები უფრო ღრმად გამოვიკვლიე, პორტრეტების კოლექცია შევქმენი და მას „საქართველოს ქალები“ ვუწოდე. ამ პროექტით გამორჩეულ ქალებს შევხვდი: მღვდელს, ჟურნალისტს, სამხედრო ექიმს, პოლიციელს, დიჯეისა და იურისტს. თითოეული მათგანი ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა. ისინი ჩემს შთაგონებად და ენერგიის წყაროდ იქცნენ.

ოცდამეერთე საუკუნეში კედლის მხატვრობა ხელოვნების იმ გამორჩეული ფორმად იქცა, რომელმაც სოციალური პრობლემების გადაჭრის კუთხით წამყვანი როლი იკისრა. მხოლოდ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული სტატიები თუ გალერეებში გამართული გამოფენები ვერ მიიტანს სათქმელს ადამიანებამდე, რომლებსაც სხვადასხვაგვარი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ, ან ასაკითა და მსოფლმხედველობით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდებიან. სამაგიეროდ, შეუძლებელია, შეუმჩნეველი დარჩეს უზარმაზარი ნახატი ცენტრალურ ქუჩაზე, თქვენს სამეზობლოში.

SDG color stripe

“ჩემი მთავარი მიზანია, დავეხმარო სხვებს, ადამიანის უფლებები და გენდერული თანასწორობა ხელოვნების მეშვეობით გაიაზრონ და აღიარონ.”

SDG color stripe

დიდ სიამოვნებას მანიჭებს დედაქალაქის გარეთ, რეგიონებში მუშაობა, სადაც მტკიცედაა დამკვიდრებული სტერეოტიპები, გენდერული მიკერძოება, ჩაგვრა და მკაცრი იერარქიული სტრუქტურები. ამ თვალსაზრისით, პროექტი „კედლის მხატვრობის აქტივიზმი“ შესანიშნავი ხერხია, რათა შესაძლებლობათა თანასწორობის შესახებ ადამიანებს ხმა ქვეყნის ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე შორეულ რეგიონში მივაწვდინოთ. კედლის მხატვრობის დახმარებით, „დავამსხვრიე“ წესები თანასწორი მომავლისთვის, ავსახე საქართველოს მოსახლეობის ტრადიციული ცხოვრების წესი მუშაობის, სწავლისა თუ საყიდლებზე სიარულისას და თავიდან ბოლომდე შევცვალე ის, რათა მეჩვენებინა ცხოვრება, რომელიც შეიძლება სულ სხვანაირი იყოს, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს და ბედნიერებას ეზიაროს.

მახარებს, რომ ახლად წამოწყებული კედლის მხატვრობის აქტივიზმის მონაწილე ვარ, რადგან მწამს, რომ ჩვენი შრომა ხელს შეუწყობს ცვლილებებს და დაეხმარება ადამიანებს, თანასწორობა საკუთარ ოჯახებშიც დაამკვიდრონ. რა შეიძლება იყოს ხელოვანთა ჯგუფთან თანამშრომლობაზე უკეთესი, როცა თითოეული მათგანი საკუთარ, კონკრეტულ ქვეყანას წარმოადგენს და თან ერთსა და იმავე მიზანს - ხელოვნების დახმარებით ცვლილებებს ემსახურება?

მინდა, იმ ადამიანებისთვის იყოს არსებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება, მინდა მათ ადამიანის უფლებებზე პოზიტიური კუთხით, ვესაუბრო, უფროს თაობას ახალი სოციალური ნორმები გავაცნო და ახალგაზრდები კი წავახალისო, რათა მათ დამკვიდრებული სტერეოტიპების დამსხვრევა და აკრძალვებისგან გათავისუფლება შეძლონ.


თინა ჩერტოვა, 35 წლის, მხატვარი თბილისიდან, საქართველოდან. შექმნილი აქვს ნამუშევრები სხვადასხვა ფესტივალისა და პროექტისთვის, მათ შორის, ურბანული მხატვრობის ფესტივალისთვის Fabrikaffiti, Georgia ‘Made by Characters’ („ანბანით შექმნილი საქართველო“, ავტორები: „JWT METRO & METROGRAPH“), „ვინ ვის ხვდება“ (ლგბტ უფლებებზე), „#13 ივნისი -- თბილისის წყალდიდობის მემორიალი“, კომიკური სერიალი „სოციალური მუშაკები უსაფრთხო ოჯახებისთვის“ და, ასევე, ქანდაკება „მეოცნებე“, 2008 წლის 8 აგვისტოს ომის უკვდავსაყოფად. თინა ჩერტოვას მიერ შექმნილი ნახატი „ვამსხვრევთ წესებს თანასწორი მომავლისათვის“ გაეროს ქალთა რეგიონული პროექტის „კედლის მხატვრობის აქტივიზმი: დაამსხვრიე გენდერული უთანასწორობის კედლები“ ნაწილია.